მთაწმინდის პარკში „ახალი ღვინის ფესტივალი“ გაიხსნა . ღონისძიება საქართველოს „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით გაიმართა და მისი გახსნის ცერემონიას თბილისის მერი დავით ნარმანია, პარლამენტის უმრავლესობის წევრი ოთარ დანელია, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. მათ ფესტივალის ფარგლებში, ტრადიციულად, საზეიმოდ გახსნილი ქვევრიდან ღვინო დააგემოვნეს.
წელს ღვინის ფესტივალში მონაწილეობას 100-ზე მეტი საოჯახო მარანი და 60-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი კომპანია ღებულობს.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა განაცხადა, „ახალი ღვინის ფესტივალი“ არის ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც კი ღვინის დარგში საქართველოში ხორციელდება.
„პირველ რიგში, აქ არის წარმოდგენილი ყველა რეგიონის ღვინო - დაწყებული პატარა მარნებით, დამთავრებული მსხვილი მწარმოებლებით. ჩამოსულია ყველა სტუმარი, ვინც საზღვარგარეთ მუშაობს ქართულ ღვინოზე. ღონისძიება ჩართულია ტურისტულ მარშრუტში და ყოველწლიურად იზრდება არა მხოლოდ „ახალი ღვინის ფესტივალის“ პოპულარობა, არამედ ქართული ღვინის ცნობადობა და შესაბამისად, დარგიც ვითარდება. ქართული ღვინის ხარისხი ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე, თუმცა ყოველ წელს თითო ნაბიჯს ვდგამთ წინ და წინ“, - განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.
„ახალი ღვინის ფესტივალი“ მერვედ ტარდება. პირველ ფესტივალზე, რომელიც 2010 წელს გაიმართა, ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია იღებდა მონაწილეობას.