„ბუგატი შირონს“ ახალი კონკურენტი გამოუჩნდა ჩინეთიდან. „ვულკანო ტიტანიუმის“ შექმნაში მონაწილეობა იტალიურმა საინჟინრო ჯგუფმა „იკონამ“ მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, ჰიპერ ავტომობილის ფასი 10 მილიონ დოლარს მიაღწევს. ამ ფასად სამი „შირონის“ ყიდვაა შესაძლებელი.
„ვულკანო ტიტანიუმი“ არის კონცეპტუალური „იკონა ვულკანოს“ სერიული ვერსია. თუმცა მას მხოლოდ შეკვეთით დაამზადებენ.
ავტომობილი „შევროლე კორვეტის“ 6.2-ლიტრიანი V8 აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც მექანიკური კომპრესორის დახმარებით, 1 000 ცხენის ძალას ავითარებს. „იკონა ვულკანოს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად 2.8 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი საათში 354 კილომეტრს აღწევს.
მის ავტომობილის კონსტრუქციაში მსუბუქი და მტკიცე მეტალი ტიტანიუმი უხვადაა გამოყენებული, რისი წყალობითაც, მხოლოდ 1 590 კილოგრამს იწონის. სალონი კარბონის კომპოზიტით და ალკანტარით არის გაწყობილი. ცენტრალურ პანელზე 10-დუიმიანი სენსორული ეკრანი განლაგდა, რომელიც მულტიმედია-სისტემის ნაწილია.
ძნელი სათქმელია, „ვულკანო ტიტანიუმს“ მისი ფასის გამო, მყიდველი გამოუჩნდება, თუ არა. სამაგიეროდ, ის უკვე გახდა კინოვარსკვლავი - მანქანა „ფორსაჟ 8-ში“ გადაიღეს.