ზაქარია ქუცნაშვილი - კარგია, საბერძნეთიდან რომ გვიგზავნიან ქალები ევროებს? მაგრამ როცა რაღაც უფლებებზე მიდგება საქმე, მაშინ ქალი იქ არ უნდა იყოს

კარგია, საბერძნეთიდან რომ გვიგზავნიან ქალები ევროებს? მაგრამ როცა რაღაც უფლებებზე მიდგება საქმე, მაშინ ქალი იქ არ უნდა იყოს, - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვისას მცხეთაში განაცხადა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ოპოზიციის მთავარი შეცდომაა ის, რომ კონსტიტუციის განხილვა ხდება არა იმ კონტექსტში, თუ რა ცვლილებები ეხება ხალხს, არამედ იმ კუთხით, რა ცვლილებები ეხება პრეზიდენტსა და პოლიტიკურ პარტიებს.

მისივე თქმით, კონსტიტუციის მოდელის თანახმად, იქნება სოციალური, ხალხზე მზრუნველი სახელმწიფო, ასევე მოხდება მრავალი ღირებული პრობლემის მოგვარება.

”მე გეტყვით რა სიახლე შემოაქვს მოქალაქეებისთვის ძირითად კანონს.

მთავარი სიკეთეები არის მიწასთან დაკავშირებული სიკეთეები. მთავარი სიკეთეა, რომ ორგანული კანონით მოხდება რეგულირება, რომ მიწის პოლიტიკის წარმოება არ იქნება დამოკიდებული ხასითზე. სოციალური სახელმწიფოს თემა - ეს ნიშნავს, რომ აღარ მოტრიალდება ის დრო ვიღაცამ მოინდომოს ყალბი ლიბერალიზმით სკოლების და ბაღების დახურვა. და მთა დაგვიტოვოს სკოლების გარეშე.

ბაღები და სკოლები მუდმივად სახელმწიფო კონტროლის ქვეშ იქნება.

რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხს, თუ მაგარი ბიჭები ვართ გავეჯიბროთ ქალებს ყველაფერში და ქალებსაც მივცეთ ასპარეზი, რომ მათ დაამტკიცონ თავიანთი ღირსება და უპირატესობა. კარგია საბერძნეთიდან რომ გვიგზავნიან ქალები ევროებს. მაგრამ როცა რაღაც უფლებებზე მიდგება, საქმე მაშინ ქალი იქ არ უნდა იყოს.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საკითხი არის კონსტიტუციაში, რათა იზრუნონ შშმ პირებზე”, -განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.