დავით მათიკაშვილი - ბონუსური სისტემა უფრო პასუხისმგებლობაა, ვიდრე ბონუსი

ბონუსური სისტემა უფრო პასუხისმგებლობაა, ვიდრე ბონუსი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა მცხეთაში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, ბონუსური სისტემა ერთგვარად შეიძლება გარანტიად მივიჩნიოთ, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემთხვევაში მოხდეს ხელისუფლების უპრობლემოდ ჩამოყალიბება.

”90- იანებიდან დღემდე უამრავჯერ ვნახეთ, როდესაც საკონსტიტუციო უმრავლესობა ბოროტად იქნა გამოყენებული. მაგრამ საპირისპირო, როდესაც კანონმდებლობა არ ქმნის სატაბილური უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობას, ჩვენ ასეთი პრაქტიკა არ გვქონია. ეს ბონუსი უფრო პასუხისმგებლობაა, ვიდრე ბონუსი. ამიტომაც არის გათვალისწინებული კონსტიტუციაში ეს ცვლილება, რომ შევძლოთ ყველა იმ ძალამ რომელიც გაიმარჯვებს, მყარად ჩამოაყალიბოს ხელისუფლება. კოალიცია კი არ არის პრობლემა, გამარჯვებული ძალა თუკი კოალიციას ვერ შექმნის, სწორედ ეს შეიძლება გახდეს პრობლემების სათავე”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.