ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინის განცხადებით, მზად არის „ახალი აბრეშუმის გზის“ შექმნაში 124 მილიარდი დოლარის ინვესტირებისთვის. ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა პეკინში მიმდინარე სამიტზე „ერთი სარტყელი - ერთი გზა“ განაცხადა.
„ვაჭრობა ეკონომიკური განვითარების მთავარი ძრავია. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ განვითარებით ჩვენ მეტოქეებს შორის ძველ გზას კი არ გავაგრძელებთ, არამედ თანამშრომლობისა და ორმხრივი სარგებელის ახალ მოდელს შევქმნით “, - განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა სამიტზე.
სამიტზე საქართველოს მხარეს წარმოადგენს პირველი ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი - დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი გახარია.
სამიტს ასევე ესწრება 29 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ასევე 110 ქვეყნის ოფიციალური პირები, მეცნიერები, ბიზნესმენები, საფინანსო ინსტიტუტების, მედიისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები.
„ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ აზიის,ა ფრიკისა და ევროპის ქვეყნებს შორის კავშირებსა და ეკონომიკის განვითარების სტიმულირებას გულისხმობს. ინიციატივა ესწრაფვის თანამედროვე სატრანსპორტო ქსელის შექმნისაკენ, რომელიც აზიას ევროპასთან და აფრიკასთან დააკავშირებს. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას ამ ხნის განმავლობაში 100-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში.
2017 წლის პირველ კვარტალში „ერთი სარტყლის, ერთი გზის“ გასწვრივ განლაგებული ქვეყნებიდან ჩინეთში განხორციელებული იმპორტის მოცულობამ დაახლოებით 104.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 42.9 %-ით ზრდას ნიშნავს; ეს მოცულობა, დროის იმავე პერიოდში, ქვეყნის მთლიანი იმპორტის დაახლოებით 25 %-ს შეადგენს.