საქართველოს განვითარების ბანკის დაფუძნების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა დღეს პეკინში, სადაც მიმდინარეობს საერთაშორისო ფორუმი „ერთი სარტყელი - ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის“.
ფინანსთა სამინისტროსდ ცნობით, ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი - 300 მლნ აშშ დოლარი იქნება. ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ი და კომპანია „Eurasian Invest LLC”.
დეკლარაციას საქართველოს მხრიდან ხელი პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მოაწერა.
დეკლარაციის თანახმად, ორივე კომპანიამ აიღო ვალებულება, რომ საქართველოში ახალ კომერციულ ბანკს შექმნიან. დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მათ უკვე მიმართეს საქართველოს ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ დაიწყოს შესაბამისი განხილვების ოფიციალური პროცედურები.
„ჩვენი საბანკო სისტემისათვის და ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენცია საბანკო სექტორში,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ. მისი თქმით, საქართველოში კიდევ ერთი დიდი ბანკის მხრიდან მუშაობის დაწყება მნიშვნელოვანია კერძო სექტორის განვითარებისათვის.