"ფარცხალაძეს დღესაც გავლენა აქვს სამართალდამცავ სისტემაზე, გია უდესიანადაც კი ჩამოყალიბდა და ზონდერჯგუფებიც ჰყავს"
გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ცემა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. თორდიამ ისიც აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მოკვლეულ მასალებში ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებს. კომპეტენტურმა წყარომ "კვირის პალიტრას" მიაწოდა ინფორმაცია, თუ რის გამო მოხდა ეს კონფლიქტი. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:
რა კომპენსაცია მიიღო ფარცხალაძემ მერიისგან
- ყოფილი მთავარ პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის, ლაშა თორდიას დაპირისპირებამ პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც აუდიტის სამსახურმა თბილისის მერიის საქმიანობის შესწავლა დაიწყო. ლაპარაკია ვერეს ხეობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის სანაცვლოდაც ფარცხალაძემ ორი ნაკვეთი ვეძისის დასახლებაში მიიღო.
მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ: ვერეს ხეობაში ქართულ-ებრაული კომპანია, რომლის ბორდის წევრიც მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანიაც იყო, საკუთრებაში სამ ნაკვეთს ფლობდა. ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ფართობი დაახლოებით 2300 კვადრატული მეტრია, მაშინ ახალი გზის გაყვანა დაიწყო. გზის ყველა მონაკვეთის გაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართულ-ებრაული კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის 74% ახალმა გზამ დაფარა, რის სანაცვლოდაც მან მერიისგან კომპენსაცია მოითხოვა...
მერიისა და ქართულ-ებრაული კომპანიის დავაში ფარცხალაძე 2016 წლის თებერვალში ჩნდება. კერძოდ, 2016 წლის 19 თებერვალს კომპანიამ კიდევ ერთხელ მოსთხოვა კომპენსაცია მერიას, თუმცა, რამდენიმე დღეში, ვერეს ხეობაში არსებული ერთ-ერთი ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძეს მიჰყიდა. 2016 წლის 29 თებერვალს ფარცხალაძემ ვერეს ხეობაში რამდენიმე დღის წინ ნაყიდი ნაკვეთის ნაცვლად, კომპენსაციის სახით ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საკმაოდ დიდი ნაკვეთი მიიღო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს ამ ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია უკვე კორპუსებს აშენებს.
ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ორი დასკვნა დევს. ერთი დასკვნის მიხედვით, მერიამ 2016 წლის 19 თებერვალს ქართულ-ებრაულ კომპანიას კომპენსაციად ნაკვეთების გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ვერეს ხეობაში კომპანიისგან ნაკვეთი ფარცხალაძემ შეიძინა, ზუსტად 10 დღეში, ანუ, 2016 წლის 29 თებერვალს, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ყოფილ მთავარ პროკურორს კომპენსაციაზე თანხმობა განუცხადა და ვეძისში დიდი ფართობი გადასცა.
გია ხუხაშვილი:
- კარგად გვახსოვს ფარცხალაძის დანიშვნის ისტორია გენერალურ პროკურორად. როგორც ამბობენ, დღესაც გავლენა აქვს სამართალდამცავ სისტემაზე, გია უდესიანადაც კი ჩამოყალიბდა და ზონდერჯგუფებიც ჰყავს.
იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრის" 15 მაისის ნომერში
ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია