NDI-ის გამოკითხულთა 43%-ის თქმით, სახელმწიფომ უნდა გააგრძელოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 25 მილიონი ლარის გამოყოფა.
კვლევის თანახმად, 14% მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხა უნდა გაზარდოს. 20% კი ფიქრობს, რომ ბიუჯეტიდან ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხა უნდა შემცირდეს.
გამოკითხულთა 8%-ის თქმით, სახელმწიფომ ეკლესიისთვის თანხები საერთოდ არ უნდა გამოყოს; 13% კი აცხადებს, რომ არ იცის უნდა გააგრძელოს თუ არა სახელმწიფომ ეკლესიისთვის თანხის გამოყოფა.
ამასთან, NDI-ის გამოკითხულთა 67%-ის თქმით, სახელმწიფომ უნდა შეამოწმოს თუ როგორ იხარჯება ბიუჯეტიდან მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხა; 22% თვლის, რომ არ უნდა შეამოწმოს; გამოკითხულთა 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა, ხოლო 11%-მა არ იცის, უნდა შეამოწმოს თუ არა სახელმწიფომ როგორ იხარჯება ეკლესიისთვის გამოყოფილი თანხა.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილს, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი ±2,7%-ია.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.