„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთ-ერთ უმსხვილეს და შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია CEFC-ს შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. როგორც საპარტნიორო ფონდიდან იუწყებიან, ხელშეკრულებას ქართული მხრიდან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ჩინური მხრიდან კი კომპანია CEFC-ის გენერალურმა დირექტორმა წანგ ძიენძუნმა მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პეკინში 14-15 მაისს გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის მსვლელობისას შედგა. როგორც ”საპარტნიორო ფონდის” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფორუმს მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ლიდერი, 130-მდე ქვეყნის ვიცე-პრემიერი, 60-ზე მეტი საფინანსო ინსტიტუტისა და 92 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ქართულ-ჩინური „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“, კერძოდ „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ შეიქმნა, რომელიც ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს. როგორც საპარტნიორო ფონდში აღნიშნავენ, ახლად შექმნილი ფონდი ფულს ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ინდუსტრიის, ტურიზმის და სხვა სფეროებში დააბანდებს. ფონდის საწესდებო კაპიტალი 50 მლნ დოლარია.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როგორც „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის, ასევე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საპარტნიორო ფონდისა და ჩინური კომპანია CEFC-ის მიერ დაფუძნებული „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა იქნება. გაჩნდება საინტერესო პროექტების დაფინანსებისთვის ახალი სივრცე და ახალი ფინანსური ინსტრუმენტი. ფონდი შემოდგომაზე დაიწყებს მუშაობას. ამ დროისთვის მისი საწესდებო კაპიტალი 50 მლნ დოლარია. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი და ინვესტიციების მოზიდვის სერიოზული წინაპირობა“,- აცხადებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე
„საპარტნიორო ფონდმა“ კომპანია CEFC -თან სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური მემორანდუმი ჯერ კიდევ 10 თვის წინ გააფორმა, რომლის თანახმად მხარეები ერთობლივი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის შესახებ მსჯელობდნენ. მოლაპარაკებები პეკინში ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმების შედეგად დასრულებულია.
„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციიის ვიზიტი, რომლის შემადგენლობაში არიან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები გიორგი დანელია და ცისია ფანჩვიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის „ექსპორტისა და კრედიტის დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციის“ პრეზიდენტთან. ასევე, იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება ჩინურ Zeustar Construction Holdings - თან, რაც ლოჯისტიკური პროექტების დაფინანსების თვალსაზრისით ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.