დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეთა მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურ ფაზაში შედის, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
მათივე ცნობით, მავნებლის დამჭერი ფერომონიანი ხაფანგების დამონტაჟება სამტრედიის, ხობის, სენაკის, აბაშისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში დასრულებულია.
„აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სულ 3 363 ფერომონია დამონტაჟებული. მათ შორის: სამტრედიაში - 944, ხობში - 497, სენაკში - 436, აბაშაში - 199, მარტვილში 1 287. მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება გრძელდება სამეგრელოს დანარჩენ მუნიციპალიტეტებში, გურიასა და აჭარაში.
ფერომონების განთავსება მონიტორინგის მიზნით დაიწყო, რათა დროულად დადგინდეს მავნებლის გავრცელების არეალი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება ქიმიური წამლობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სასოფლო-სამურნეო კულტურების ახალი ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით ახორციელებს.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას“, - აღნიშნულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაში.