კომპანია GEO Teknik, რომელიც 3 წელია ელექტრო ველოკაფეებსა და ველომობილებს ამზადებს, ელექტრო ველოსიპედების წარმოებასაც გეგმავს.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დირექტორმა ალექსანდრე ადამაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში, მას შემდეგ რაც გარევაჭრობა აიკრძალა, კომერციული დანიშნულების ველოკაფეებზე მოთხოვნა შესამჩნევად გაიზარდა.
„უკვე 3 წელია, რაც ამ სფეროში ვართ, თუმცა უშუალოდ კომპანიად ახლახან ჩამოვყალიბდით. საქმიანობა თავიდან ელექტრო სასეირნო ველოსიპედებით (ეტლის მსგავსი) დავიწყეთ, რომელიც საქართველოში ნაკლებად პოპულარულია. ამიტომაც თურქეთში რამდენიმე დისტრიბუტორს დავუკავშირდით და ძირითადად იქ ვახდენთ ტრანსპორტის რეალიზაციას. ამასთან, ვამზადებთ ველოკაფეებს, ველომობილებს და ა.შ. რაც შეეხება მოთხოვნას, გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ ბოლო პერიოდში ველოკაფეებზე განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნა“, - აღნიშნა ადამაშვილმა.
მისივე თქმით, მაღალი ფასის მიუხედავად, ძირითადად მოთხოვნა ტრანსპორტის სრულ კომპლექტზეა, რომელიც ელექტრო ძრავით, მზის ბატარეით და აუდიო სისტემით არის აღჭურვილი.
ქართული ელექტრო ველომობილებისა თუ ელექტრო ველოკაფეების ფასი 800 ლარიდან 2 500 ლარის ფარგლებში მერყეობს.
რაც შეეხება მონაცემებს, 1 დატენვით ტრანსპორტი 60-70 კილომეტრს გადის, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მზის ბატარეაც გვაქვს დამონტაჟებული, დამატებით დაახლოებით 15 კილმეტრის გავლაც შეუძლია. ერთი დამუხტული ბატარეა დაახლოებით 3 საათს ძლებს. როგორც ადამაშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, კომპანიაში წყლის, ჩამოსასხმელი წვენებისა და სხვა დანადგარებსაც ამზადებენ.
ამასთან, ადამაშვილის თქმით, ბაიკის მსგავსი, მსუბუქი ელექტრო ველოსიპედის რამდენიმე მოდელი ადრეც დაუმზადებიათ, თუმცა, ახლა უფრო მასშტაბურ წარმოებაზე გეგმავენ გადასვლას. შესაბამისად, გარდა სამი და ოთხბორბლიანი ველომობილებისა თუ ველოკაფეებისა, GEO Teknik უახლოეს პერიოდში ორბორბლიან ელექტრო ველოსიპედებსაც შესთავაზებს მომხმარებელს.
თაია არდოტელი