ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„თავისუფალი ვაჭრობის დაწყებამდე - ქართული პროდუქციის ექსპორტის მიხედვით ჩინეთი მეორე ადგილზეა.
ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ეკონომიკისათვის. დღემდე ისეთი მოცემულობა გვქონდა, რომ ჩინური პროდუქცია საქართველოში პრაქტიკულად საბაჟო ტარიფის გარეშე (<1.5%) შემოდიოდა. ახლა კი უკვე ქართული პროდუქციის უდიდესი ნაწილი ჩინეთში საბაჟო გადასახადის (25%) გარეშე შევა.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი ქართული პროდუქციის ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) მიხედვით ჩინეთი მეორე ადგილზეა (2016 წ) და რუსეთის გარდა ყველა ქვეყანას უსწრებს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო 4 წლის მანძილზე (2012-2016) ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი, ანუ პირობითად რომ ვუწოდოთ - „სუფთა ექსპორტი“, თითქმის 7-ჯერ არის გაზრდილი 25 მილიონი დოლარიდან (2012), 169 მილიონ დოლარამდე(2016). და ეს ყველაფერი მოხდა თავისუფალი ვაჭრობის დაწყებამდე!
საყურადღებოა, რომ ჯერჯერობით ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. მისი 78% -ი სპილინძის მადნებსა და კონცეტრატებს უჭირავს, მანგანუმის მადან-კონცენტრატებს 9.5%-ი, ღვინო კი, რომელზეც სამომავლოდ დიდ იმედებს ვამყარებთ, სუფთა ექსპორტის მხოლოდ 8.5%-ია.
არ გაგვიკვირდეს, თუ მომავალი წლიდან ან თუნდაც წელსვე ჩინეთი ქართული ეროვნული პროდუქციის ექსპორტის მიხედვით პირველ ადგილზე გავა და რუსეთში გასატანი პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილსაც თან გაიყოლებს,“ - წერს დუნდუა.