ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის მურთაზ კიკორიას ბრძანებით, სს „ბანკ რესპუბლიკას“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა.
ბრძანების თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ „რესპუბლიკა ბანკის“ არსებული სასესხო ვალდებულებები უცვლელად უნდა გადავიდეს სს „თიბისი ბანკზე“, როგორც „რესპუბლიკას“ სამართალმემკვიდრე და უფლებამონაცვლე პირზე.
ამასთან, როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტმა უნდა დახუროს სს „ბანკ რესპუბლიკის“ საკორესპონდენტო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი უცხოური ვალუტის მინიმალური რეზერვის, საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები.
„ბანკ რესპუბლიკის“ აღნიშნულ ანგარიშებზე რიცხული თანხები სს „თიბისი ბანკის“ შესაბამისი დანიშნულების ანგარიშებზე უნდა ჩარიცხოს, ხოლო მინიმალური რეზერვების, სადეპოზიტო და საკორესპონდენტო ანგარიშებზე დარიცხული პროცენტები სს „თიბისი ბანკის“ საკორესპონდენტო ანგარიშზე ასახოს.
„ამ განკარგულების ამოქმედებიდან 2017 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით სს „თიბისი ბანკს“ შეუნარჩუნდეს სს „ბანკ რესპუბლიკის“ საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი საკორესპონდენტო ანგარიში ლარში და დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემაში მონაწილის კოდი სს „თიბისი ბანკის დროებითი კოდის“ სახელწოდების ქვეშ. სს „თიბისი ბანკის დროებით კოდზე“ დასაშვებია ჩარიცხვების განხორციელება. ამ განკარგულების ამოქმედებიდან 2017 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით სს „ბანკი რესპუბლიკისთვის“ მინიჭებული (RTGS) სისტემაში მონაწილის კოდი და IBAN კოდი გამოიყენოს სს „თიბისი ბანკმა“.
ასევე განკარგულების ამოქმედებიდან 2017 წლის 08 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების დეპარტამენტის მიერ სს „თიბისი ბანკის დროებით კოდზე“ მიღებული ჩარიცხვების ჯამური თანხის გადატანა ყოველდღიურად (საოპერაციო დღის ბოლოს) განხორციელდეს სს „თიბისი ბანკის“ ანგარიშსწორების ანგარიშზე – TBCBGE22.
გაუქმდეს სს „ბანკ რესპუბლიკის“ მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემაში (CSD სისტემა).
სს „ბანკმა რესპუბლიკამ“ სალიცენზიო მოწმობა (არსებობის შემთხვევაში) საქართველოს ეროვნულ ბანკს დაუბრუნოს ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში,“-ნათქვამია ბრძანებაში.
სს „ბანკ რესპუბლიკას“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია 1992 წლის 04 თებერვლის მიენიჭა.