ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროების მონიტორინგის ჯგუფმა ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყო

ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დღეიდან ორი სამინისტროს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფმა დაიწყო.

როგორც  ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი 2017 წლის 11 მაისის ერთობლივი ბრძანების საფუძველზე (N1-1/200, 01-98/თ) შექმნეს.

მათივე განმარტებით, ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებს, რომლებიც მომეტებულ რისკს შეიცავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

„მონიტორინგის ჯგუფი ორივე უწყების შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებისგან შედგება - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებისგან.

ბრძანება უკვე ამოქმედდა, 16 მაისიდან ორივე სამინისტროს წარმომადგენლებმა ტყიბულის შახტისა და ჭიათურის მაღაროების შემოწმება დაიწყეს.

აღნიშნული ადგილები ორმაგ შემოწმებას გაივლის: ჩაუტარდებათ როგორც ტექნიკური ინსპექტირება, ასევე ზედამხედველობა გაეწევა შრომის პირობებს და შეფასდება, რამდენად შეესაბამება ისინი კანონმდებლობით დადგენილ შრომისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს“, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.