სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გიორგი მათიაშვილი დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გიორგი მათიაშვილი თანხის გადაცემის დროს ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო გადაცემული თანხა 5 000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი მათიაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მდებარე ყოფილი ბიოლაბორატორიის შენობის რეალურ ფასზე ნაკლებ თანხად შეფასების, შემდგომში აუქციონზე გატანისა და გამარჯვებაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 35 000 ლარი, საიდანაც 5000 ლარი წინასწარ აიღო. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გიორგი მათიაშვილი თანხის გადაცემის დროს ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო გადაცემული თანხა 5000 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 11-დან 15 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.