თამბაქოს უაქციზო ნაწარმის შენახვა, რეალიზაცია, გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობის აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული თამბაქოს ნაწარმის შენახვა, რეალიზაცია, გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგენილია, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, წყალტუბოს რაიონში საკუთარი საცხოვრებელი სახლის სხვენში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებულ უაქციზო სიგარეტს, კერძოდ, 29 239 კოლოფ Master-ს, რომლის ნაწილიც, 7 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი Master გაასაღა ერთ-ერთ ბრალდებულზე. საგამოძიებო სამსახურმა აღნიშნული პირი პროდუქციის გადაზიდვის მომენტში დააკავა, ხოლო დანარჩენი უაქციზო სიგარეტი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოიღო“, - განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.
მათივე თქმით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 -ე მუხლის მე -3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს.