საკონსტიტუციო ცვლილებები ადგილობრივ თვითმმართველობასაც შეეხო - შვიდი თვითმმართველი ქალაქი სტატუსს კარგავს.
რა ცვლილებები იგეგმება კანონმდებლობაში, რომელიც 2014 წელს შევიდა ძალაში და როგორ პასუხობს ოპოზიციის ბრალდებებსა და 120 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე გვესაუბრება:
- არავინ დაობს, რომ 2014 წელს დაწყებული რეფორმა იყო წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელმაც შექმნა ძლიერი ფუნდამენტი თვითმმართველობის განვითარებისათვის, თუმცა სამწლიანმა პრაქტიკამ გამოკვეთა სისტემის დახვეწის აუცილებლობა - დეცენტრალიზაცია რჩება მთავრობის პრიორიტეტად დემოკრატიული განვითარებისა და ევროპასთან დაახლოების გზაზე.
- პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თვითმმართველობების გასაძლიერებლად კონსტიტუციაში გარანტიები გაიწერება, თუმცა როგორ მოახერხებთ ამას, როდესაც შვიდი ქალაქისთვის თვითმმართველი ორგანოს სტატუსის გაუქმებას გეგმავთ?
- მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის შედეგად ჩამოყალიბდება ერთი თვითმმართველი ერთეული, შერწყმულ მუნიციპალიტეტს კი ახლა არსებული ორივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სრულად დარჩება. დღეს მერისა და გამგებლის ფუნქციებში არანაირი სხვაობა არ არის. ამიტომ უმჯობესი იქნება, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს არჩეულ ხელმძღვანელს ერთი სახელი ერქვას - მერი, რაც ევროპული და ყველგან მიღებული ტერმინია. მერი გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად აღარ მიიღებს. ყველა მერიაში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი კოლეგიური ორგანო, რომელიც გააერთიანებს მერის მოადგილეებსა და სამსახურების უფროსებს. გადაწყვეტილების მიღებაში ჩართული იქნება ყველა აუცილებელი დარგობრივი რგოლი. ამასთან, კოლეგიური ორგანოს მსჯელობა იქნება ღია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამით გაიზრდება პროცესის გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობის ხარისხი.- ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საკრებულოები უფუნქციოდ რჩებიან?
- საკრებულოებს დემოკრატიული კონტროლისთვის ბერკეტები მიეცემათ. მაგალითად, მერი საკრებულოს წარუდგენს თავისი მოადგილეებისა და სამსახურის უფროსების კანდიდატურებს და მხოლოდ საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში დანიშნავს მათ. საკრებულოების მეშვეობით მოქალაქეებს ექნებათ მეტი საშუალება, გავლენა მოახდინონ მერიის მუშაობაზე. ყველა დასახლებაში შეიქმნება ტერიტორიული ორგანოები და ამ სათათბირო საბჭოებს, გამგებლის უფუნქციო წარმომადგენლის ნაცვლად, ეყოლება ხელმძღვანელი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მიერ შერჩეული 10-15-წევრიანი სათათბიროს გადაწყვეტილებების მიტანას მერიამდე. მასვე დაეკისრება ამ გადაწყვეტილებების ადგილზე აღსრულების მონიტორინგის ფუნქცია. საბჭო იმსჯელებს გზებზე, წყალმომარაგებაზე, გამწვანებაზე, ქალაქებში კორპუსების კეთილმოწყობაზე და ა.შ.გარანტიებს კი, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა, ქმნის კონსტიტუციის პროექტის ის ნაწილი, რომლის თანახმადაც, უფლებამოსილების გამიჯვნა ეფუძნება სუბსიდირების პრინციპს და რაც მთავარია, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ფინანსური სახსრების შესაბამისობა ორგანული კანონით დადგენილ უფლებამოსილებებთან. კონსტიტუციის პროექტში გაწერილია, რომ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი ქონება, ფინანსები და ის დამოუკიდებლად ადგენს თავის ორგანიზაციულ მოწყობას და იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს.
- 120 ორგანიზაციის მიმართვაც გავრცელდა, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის...
- პროცესის ასე ცალმხრივად შეფასება კატეგორიულად მიუღებელია. მით უმეტეს, რომ დღემდე არ მოგვისმენია არსებული ხარვეზების კრიტიკული ანალიზი. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით წლის ბოლომდე მივიღებთ დეცენტრალიზაციის საშუალოვადიან სტრატეგიას.- როდესაც წინა მოწვევის პარლამენტმა "თვითმმართველობის შესახებ" კანონი მიიღო, მთავარი მოტივი იყო, ამომრჩეველს ჰქონოდა შესაძლებლობა მერის ან გამგებლის არჩევისა. თუ გავითვალისწინებთ, რომ პრეზიდენტიც არაპირდაპირი წესით უნდა ავირჩიოთ, ხომ არ იქმნება შთაბეჭდილება, რომ რეგიონებშიც ამომრჩევლის ჩართულობა პოლიტიკური მოტივით იზღუდება?
- არჩევითობის წესი უცვლელია, ყველა მუნიციპალიტეტს არჩეული ხელმძღვანელი ეყოლება. რაც შეეხება მოქალაქეთა ჩართულობას, ცვლილებათა პაკეტი მეტ საშუალებას აძლევს მათ, საკუთარი სოფლის (ქალაქის შემთხვევაში, უბნის) საკითხების მოგვარებაში მონაწილეობა მიიღონ...
არ შემცირდება არც ერთი შერწყმული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, მენეჯმენტის ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი ბიუროკრატიული ხარჯები კი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. მუნიციპალიტეტებში დარეგულირდება ააიპ-ების მექანიზმიც. ეს გულისხმობს ერთ სფეროში მხოლოდ ერთი ორგანიზაციის შექმნის შესაძლებლობას, რაც გაბერილი შტატების შემცირებას და ხარჯების დაზოგვას ნიშნავს.
- რა ცვლილებები იგეგმება სატენდერო საქმეში? ექსპერტები მიუთითებენ ხარვეზებზე, რომლებსაც კომპანიები სათავისოდ იყენებენ. მაგალითად, საქმეში გამოცდილების დასაფიქსირებლად უცხოურ კომპანიებთან ერთად ტენდერებში ფიქციურად მონაწილეობა და. ა.შ.
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, მათ შორის, უცხოურმა, პროექტი უნდა შეასრულოს დროულად, ბიუჯეტისა და ხარისხის დაცვით. თუ კომპანიას ჰყავს ადგილობრივი ქვეკონტრაქტორი, რომელიც სამუშაოების დიდ ნაწილს ასრულებს, ეს კარგია ბიზნესის ხელშეწყობისა და დასაქმებულთა შემოსავლების ზრდისთვის. რაც შეეხება ფიქციურად დაფუძნებულ კომპანიებს, გამორიცხულია, რომელიმე ტენდერი მოიგონ.- მაშინ რატომ ილაპარაკა სამთავრობო სხდომაზე პრემიერმა ტენდერებში მონაწილე კერძო კომპანიებთან არსებულ პრობლემებზე?
- პერიოდულად არის პრობლემები, თუმცა სისტემატური ხასიათი არა აქვს. ჩვენ არ ვუყურებთ ამ საკითხს როგორც კონტრაქტორსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას. სახელფასო დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე ვრეაგირებთ. უკვე დავიწყეთ ათეულობით სტრატეგიული და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი. 2017-2020 წლებში ვგეგმავთ 2500-მდე პროექტის განხორციელებას. ეს გულისხმობს 1000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაციას, ნახევარ მილიონამდე მოქალაქე ისარგებლებს 24-საათიანი წყალმომარაგებით, აშენდება 7 ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 120-მდე სოციალური დანიშნულების ობიექტს, განხორციელდება 9 მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია. ძეგლების მიმდებარედ მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრები და მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა. ამ პროექტებზე 10 მილიარდ ლარამდე დაიხარჯება.რუსუდან შელია
წყარო „კვირის პალიტრა"