ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება დიდი წარმატებაა და ღირებულია ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისთვის , - ამის შესახებ „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ დღეს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილსა და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ადგილობრივი წარმოების განვითარება ხერხემალია იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და ეს უნდა მოხდეს საექსპორტო პოტენციალის ზრდით. დიდია იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელზეც გადასახადი მოიხსნა ან მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დიდი სტიმულია ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის. ჩვენს ასოციაციაში 70-ზე მეტი კომპანიაა, მათ შორის, რამდენიმე ჩინეთთან უკვე ოპერირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელშეკრულების შემდეგ კიდევ ბევრი დაიწყებს ოპერირებას ჩინეთის ბაზარზე. თითოეულ კომპანიას და ქვეყანას ვულოცავ ამ დიდი წარმატებას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ და დასძინა, რომ პროდუქტზე თვითღირებულების შემცირება პირდაპირპროპორციულ კავშირშია რეალიზაციის ზრდასთან“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა ქართული კომპანიებისთვის.
„მათ გაეხსნათ 1,4 მილიარდიანი ბაზარი, სადაც შეუძლიათ, რომ თავისი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია შეიტანონ ტარიფებისა და საიმპორტო გადასახადების გარეშე. ჩინეთს ჰქონდა დაახლოებით, 91% პროდუქციაზე იმპორტის გადასახადი, აქედან ქართული კომპანიებისთვის თითქმის სრულად იხსნება ეს გადასახადები. მაგალითად, ქართული კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ალკოჰოლურ ან არაალკოჰოლურ სასმელებს, მინერალურ წყალს, კონსერვებს, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა ტიპის პროდუქციას და ა.შ. მათ შეეძლებათ, რომ იმპორტის გადასახადის გარეშე შევიდნენ ამ ძალიან დიდი ბაზარზე“, - განაცხადა ჩექეზიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოს ბაზარი არ არის დიდი, თუმცა ჩინეთი მიიღებს იმას, რომ მას რეგიონში პარტნიორი ქვეყანა ეყოლება, რომელსაც თავის მხრივ, ასევე აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA).
კითხვაზე, რამდენად ხარისხიანი იქნება საქართველოში შემოსული პროდუქცია ჩინეთიდან, მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ხარისხის კუთხით ვალდებულება აქვს აღებული და ყველა დარგში, ნებისმიერი მიმართულებით ინერგება ევროკავშირის დირექტივები.
„ეს არის გარანტორი იმისა, რომ ქართული წარმოება იქნება ხარისხობრივად გარანტირებული და რეგულაციები იქნება თუნდაც იგივე იმ ჩინური კომპანიისთვის დაცული, როგორც ეს იყო ევროპის ბაზარზე. დღეს ჩინური პროდუქცია ჩვეულებრივად შემოდის. ჩვენ ვართ თავისუფალ საბაზრო პრინციპებზე მყოფი ქვეყანა, ამიტომ ამ კუთხით დამატებითი საშიშროება არ იქნება, პირიქით, ეს იქნება უფრო კარგი, რადგანაც ვაჭრობა, კონკურენცია გაიზრდება და მგონია, რომ ხარისხობრივად ბევრად უკეთესი მდგომარეობა იქნება ქვეყანაში“, - განაცხადა ჩერქეზიშვილმა.
თავის მხრივ, კომპანია „აიდეს ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილე ლევან ბაღდავაძემ განაცხადა, რომ კომპანია უკვე წარმოდგენილია ჩინეთის ბაზარზე, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, არსებული შეღავათი კომპანიას დამატებით შესაძლებლობებს გაუხნის.