უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციების ფარგლებში, სანქციები დაუწესდა რუსულ სოციალურ ქსელებს „ვკონტაკტე“ და „ოდნოკლასნიკი“. ასევე, სანქციები შეეხო კომპანია Mail.ru-ს და ”იანდექსს” და მათ სერვერებს.
„პოროშენკომ ხელი მოაწერა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას, სანქციების დაწესების თაობაზე სოციალურ ქსელებზე - „ვკონტაკტე“ და „ოდნოკლასნიკი“, ასევე Mail.ru და „იანდექსის“ სერვისებზე“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, უკრაინაში ინტერნეტ-პროვაიდერებს ეკრძალებათ აღნიშნულ ინტერნეტ-რესურსებზე მომხმარებლებისთვის წვდომის უზრუნველყოფა. სანქციები 3 წლითაა დაწესებული.
დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მოცემულია გაფართოებული სია, რუსეთის ფედერაციის იმ ფიზიკური და იურიდიული პირების, რომელთაც სანქციები დაუწესდათ.