GMR-ის დამფუძნებელი და „მაესტროს“ ხელმძღვანელი ზურაბ ნაყეური - ”სილქნეტისა“ და „საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების“ განცხადება ცოტა გაუგებარია

GMR-ის დამფუძნებელი და „მაესტროს“ ხელმძღვანელი ზურაბ ნაყეური „სილქნეტისა“ და „საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების“ განცხადებას „გაუგებარს“ უწოდებს.

როგორც ნაყეური აღნიშნავს, თუკი საკაბელო ტელევიზიები უცხოურ არხებს უხდიან რეტრანსლირებისთვის საფასურს, გაუგებარია, რატომ არ უნდა გადაიხადოს ქართულმა არხებმა.

”სილქნეტისა“ და „საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების“ მიერ გაკეთებული განცხადება ჩემთვის ცოტა გაუგებარია. კონტაქტზე არ გამოსულან და არ გვისაუბრია. ჩვენ მათთან უამრავი საკითხის განხილვას ვაპირებდით. თანამშრომლობის მოდელი მოლაპარაკების შედეგად უნდა დაზუსტდეს. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო მოლაპარაკების საგანი და არა ასეთი აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ინდივიდუალური ხელშეკრულებები გავაფორმოთ ყველა კომპანიასთან. გამოხმაურების შემდეგ ერთწლიან ხელშეკრულებებს გავუფორმებთ. ფინანსური საკითხი ერთ-ერთი იქნება, რასაც განვიხილავთ. თუ მათთვის 20 მაისამდე მიცემული ვადა მოკლე იყო, გამოგვხმაურებოდნენ და ეთქვათ ამის შესახებ. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დისკუსიისთვის,” – განაცხადა ambebi.ge-სთან საუბარში ზურაბ ნაყეურმა.

ნაყეურის განმარტებით, საკაბელო ტელევიზიების ნაწილმა მათ მიმართა და გარკვეული თანამშრომლობა დაწყებულია.

„ქართული ტელევიზიებისთვის განსაკუთრებით წამგებიანი იმ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებსაც გადახვევის ფუნქცია აქვთ“, - აღნიშნა მან.