პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიდევ ერთი კომპანია შეძლებს გაფართოებას. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 250 საწარმოთა შორის მხარდაჭერილი - შპს „მილი“ წარმოებას ზრდის.
„შპს „მილი“ ეკალ-მავთულს, ლურსმანს და მავთულბადეს აწარმოებს. კომპანია წარმოების გაზრდას, მაღალტექნოლოგიური მანქანა-დანადგარების შეძენასა და საკუთარი საქმიანობის გაფართოებას გეგმავს. კომპანია გაფართოვების შემდეგ მავთულბადის სხვადასხვა სახეობის დამატებას და 20-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს“, - აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, შპს „მილი“ რუსთავის გზატკეცილის #36-ში მდებარეობს და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, ხოლო სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 318 500 ლარს შეადგენს.
2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა.
სამინისტროს განცხადებით, შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა. პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 251 პროექტი, რომელთა საერთო ინვესტიციის მოცულობა 569 000 000 ლარზე მეტია, ხოლო ჯამურად დასაქმდება 11 000-ზე მეტი ადამიანი.