„ტესლას“ დამაარსებლის ილონ მასკის განცხადებით, მისმა კომპანიამ სახურავის მზის პანელებზე შეკვეთების მიღება დაიწყო.
მასკის თქმით, ახალი პანელები ჩვეულებრივზე მტკიცეა, მეტ ენერგიას იძლევა და ჩვეულებრივ მზის პანელებსა და სახურავებზე იაფი ღირს.
ახალი პანელები, სახელწოდებით „ტესლა სოლარ რუფ“, "ტესლამ“ კომპანია „სოლარ სიტისთან“ ერთად შეიმუშავა, რომელიც მასვე ეკუთვნის. პანელები ისეა შემუშავებული, რომ ისინი ადვილად ინტეგრირდება „ტესლას“ წარმოების ენერგიის შემნახველ კარადებთან, რომლებიც „პაუერუოლის“ სახელით არის ცნობილი.
მზის ელემენტებიანი სახურავისა და „პაუერუოლის“ კომბინაცია იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სახლი აბსოლუტურად ენერგო დამოუკიდებელი იყოს. ასეთი სახლის მფლობელს იმის შესაძლებლობაც ექნება, რომ საკუთარი სახლის მიერ გამომუშავებული ენერგიით დამუხტოს თავისი ელექტრომობილი. სრული ენერგო დამოუკიდებლობისთვის საჭირო სამივე ძირითად კომპონენტს, მომხმარებელს „ტესლა“ შესთავაზებს. გარდა ამისა, გაჩნდება იმის შესაძლებლობაც, რომ სახლის მფლობელმა ჭარბი ელექტრო ენერგია ქსელს მიაწოდოს. ეს კი სახლის მფლობელს, დამატებითი შემოსავლის წყაროს მისცემს.
მასკის თქმით, „ტესლას მზის სახურავები“ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა პირველად მის მიწოდებას შეერთებულ შტატებში, ამ წლის ბოლოსთვის დაიწყებს. საზღვარგარეთ კი მის გატანას 2018 წლიდან შეუდგება.