ჩვენს რეგიონში კორუფციას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ზურაბ პატარაძემ შპს „ჰიგიენა 2009“-ის ხელმძღვანელის ირაკლი ცეცხლაძესთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელსაც გამოძიება ბიუჯეტიდან 5 მილიონის მითვისებას ედავება.
მისივე თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისება არავის ეპატიება.
„მე საგამოძიებო ორგანოების ფუნქციებში არ შევიჭრები. ჩვენ ვიცით, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მინდა აღვნიშნო, რომ არავის არ ეპატიება სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, თანხების მითვისება. ეს არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა, რაც შეეხება კონკრეტულად ამ შემთხვევას და ზოგადად ნაგავსაყრელის ბედს და მომავალს, აქტიურად მუშაობს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო“, - აცხადებს ზურაბ პატარაძე.
გამოძიება, ირაკლი ცეცხლაძეს ბიუჯეტიდან 5 მილიონის მითვისებას ედავება, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნული თანხა ქობულეთში ნაგავსაყრელის მოწყობისთვის იყო გათვალისწინებული. ირაკლი ცეცხლაძე მიმდინარე წლის 6 მარტს საზღვარგარეთ დააკავეს, ის მიმალვაში იმყოფებოდა. საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასამართლო პროცესი 14:00 საათზე გაიმართება.