ახალი კონსტიტუციის პროექტი უმუშევრობის სტატუსის განსაზღვრას აღარ ითვალისწინებს

ახალი კონსტიტუციის პროექტის მიხედვით მეორე, ძირითადი უფლებების ნაწილი, უმუშევრობის სტატუსის განსაზღვრას აღარ ითვალისწინებს.

აღნიშნული ნაწილი კონსტიტუციის პირველ თავში გადადის, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეს საკონსტიტუციო სასამართლოში ამ მუხლის გამოყენებით დავა აღარ შეეძლება.

როგორც ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, კონსტიტუციაში მუხლების ადგილს არა მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობა, არამედ დიდი შინაარსობრივი დატვირთვა აქვს.

”კონსტიტუციის მეორე თავში მოცემული დებულებები უმეტესწილად აღსრულებადი სამართალია, მაშინ როდესაც პირველ თავში არსებული დებულებები არის მხოლოდ პრინციპები და მხოლოდ ირიბად შეიძლება მათ აღსრულებაზე საუბარი. დღეს ჩვენს კონსტიტუციაში წერია, რომ უმუშევრის სტატუსი განისაზღვრება კანონით და სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმებას. ეს ჩანაწერი ძალიან რბილი ჩანაწერია, ძალიან დაბალ სტანდარტს ადგენს, მაგრამ ამ ჩანაწერის ამოღებაც ხდება მეორე თავიდან. ის გადადის პირველ თავში, რაც სწორედ შრომის უფლების სოციალური დაცვის მიმართულების სტანდარტს ამცირებს. ჩვენ ამაზე კომისიაში ძალიან ცხარე დისკუსია გვქონდა. სამწუხაროდ საბოლოო პროექტში გვაქვს იმ ფორმით რა ფორმითაც გვაქვს და ამ მიმართულებით გაუმჯობესებული არ არის”, - ამბობს ვახუშტი მენაბდე.

მისივე თქმით, მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ სასამართლოში ამ მუხლის გამოყენებით დავა თუ ისინი ჩათვლიან, რომ სახელწიფო არ განსაზღვრავს უმუშევრობის ადეკვატურ სტანდარტს და არ დგამს ნაბიჯებს მოქალაქეთა დასასაქმებლად.

”აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ სახელმწიფომ მოქალაქე უშუალოდ თვითონ უნდა დაასაქმოს, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სახელმწიფოს შრომის პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, იქნება ეს როგორც სამუშაოს მოძებნაში დახმარება, ისე შრომითი ბაზრის იმგვარი რეგულირება, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დასაქმებას. ვფიქრობ, ეს მუხლი კვლავ უნდა დაბრუნდეს მეორე თავში, ეს შესაძლებელია თუ ამგვარი პოლიტიკური ნება იარსებებს”, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა ვახუშტი მენაბდემ ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას.

საკონსტიტუციო კომისიის წევრის ანა ფირცხალაშვილის განცხადებით, უმუშევრობის სტატუსის განსაზღვრის კონსტიტუციის მეორე თავიდან პირველ თავში გატანა ადამიანებს პრობლემას არ შეუქმნის და ეს ტრაგიკული ცვლილება არ არის. თუმცა მისივე თქმით, უმუშევრობის სტატუსი ყველაზე დაცული იმ შემთვევაში იქნება თუ კი ის კვლავ კონსტიტუციის მეორე თავში დარჩება.

”ეს მუხლი ზოგად დებულებებში თუ გადავიდა, პრობლემა გაჩნდება იმ სახით, რომ პირს სუბიექტურად შესაძლებლობა არ ექნება ამა თუ იმ უფლებაზე იდავოს. იმ მუხლებზე, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავში არ არის მოთავსებული, პირი საკონსტიტუციო სასამართლოში ვერ იდავებს. ახლა როცა ის კონსტიტუციის მეორე თავში წერია, იგი აღიქმება როგორც სახელმწიფოს ობიექტურ ვალდებულებად, რომ შექმნას ისეთი ინსტიტუცია, მაგალითად სასამართლო სისტემა, ან შექმნას ისეთი შრომის კოდექსი, რომლის საფუძველზეც პირს დავის უფლება ექნება  იგივე უმუშევრობის სტატუსთან დაკავშირებით. თუ ეს მუხლი საერთოდ არ იქნება, რა თქმა უნდა, ეს ვალდებულება სახელმწიფოს ნაკლებად ექნება, თუ მეორე თავში იქნება ეს უკეთესი ვარიანტია და თუ კონსტიტუციის პირველ თავში გადავა, უმუშევრობის სტატუსის დადგენა მაშინაც გარანტირებული იქნება. თუ ეს მუხლი მეორე თავში დარჩება, ამ შემთხვევაში პირს საშუალება ექნება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს ის კანონი, რომელიც ამ მუხლს არ შეესაბამება. უმუშევრობის სტატუსი ყველაზე უფრო დაცული იმ შემთხვევაში იქნება თუკი ის დარჩება იქ სადაც ახლა არის, კონსტიტუციის მეორე თავში”, - განაცხადა საკონსტიტუციო კომისიის წევრმა ანა ფირცხალაშვილმა.

მისივე თქმით, კონსტიტუციის პირველ თავში მოთავსებული უფლებები უბრალოდ სახელმწიფოს ვალდებულებებია, ხოლო რაც კონსტიტუციის მეორე თავში წერია, ეს ძირითადი უფლებებია, რომლებიც პირმა შეიძლება სუბიექტურად აღიქვას და მასზე სასამართლოში იდავოს.