ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, სამაშველო სამსახურში შეტყობინებები დაფიქსირდა, მათ შორის უმეტესად დახმარებას ლიფტში გაჭედილი მოქალაქეები ითხოვდნენ

თბილისში, ელექტროენერგიის შეწყვეტის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სამაშველო ბრიგადების დახმარების თხოვნით ზარები დაფიქსირდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შეტყობინებები ძირითადად საბურთალოს რაიონიდან, ასევე ვაზისუბნიდან დაფიქსირდა. ხშირ შემთხვევაში დახმარებას ლიფტში გაჭედილი მოქალაქეები ითხოვდნენ. ადგილზე სამაშველო ბრიგადები გავიდნენ, თუმცა მოქალაქეებს მათი დახმარება აღარ დასჭირვებიათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენიდან გამომდინარე, მსგავსი შინაარსის შეტყობინებები აღარ ფიქსირდება.