ენერგოომბუდსმენმა „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“ რეკომენდაცია მისცა

ენერგოომბუდსმენის სამსახური „საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებული შეღავათების საკითხით დაინტერესდა , - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის სამსახურიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები ელექტროენერგიის შეღავათიანი გადასახადით ვერ სარგებლობენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციამ“ განმარტა, რომ მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების სიას ამ დრომდე არ ფლობს და კანონის აღსრულება არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული კანონის შესაბამისი მუხლი ძალაშია 2017 წლის პირველი იანვრიდან.

„საქართველს მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალმთიან დასახლებაში სოციალური შეღავათების დაწესებას, კერძოდ, „აბონენტის (საყოფაცხოვრებო მომხმარებლის) მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის 50 პროცენტის ანაზღაურებას, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა (მოქმედია 2017 წლის 1 იანვრიდან).

შესაბამისად, სტატუსის მქონე პირები უნდა სარგებლობდნენ აღნიშნული კანონით გათვალისწინებული სოციალური შეღავათებით. მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით, საზოგადოებრივი დამცველის სამსახურმა ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტების გამგეობებიდან გამოითხოვა იმ პირთა სია, რომელსაც მიენიჭა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირების სტატუსი და პრობლემის აღმოსაფხვრელად სია გადაეცა სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციას“.

ენერგოომუდსმენის რეკომენდაციით, კომპანიას დაევალა შესაბამისი ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა, შეღავათების ასახვა ყოველთვიურ ქვითარში და გადახდილი თანხის კორექტირება 2017 წლის პირველი იანვრიდან კანონის აღსრულების დაწყებამდე. საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ახორციელებს მკაცრ მონიტორინგს ზემოაღნიშნულ პროცესებზე და მიიღებს ყველა საჭირო ზომებს პრობლემის სრულად აღმოფხვრის მიზნით“, - აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის სამსახურის ინფორმაციაში.