სასამართლომ ბიუჯეტის კუთვნილი 5 მილიონი ლარის მითვისებაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბიუჯეტის კუთვნილი 5 მილიონი ლარის მითვისებაში ბრალდებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის მითვისებაში ბრალდებული ი.ც. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

როგორც საქართველოს მთავარი პროკურატურიდან იუწყებიან, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შპს ,,ჰიგიენა 2009“-ს დირექტორმა ი.ც-მ 2016 წლის მარტიდან 2017 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელი პოლიგონის მშენებლობისა და ექსპლუატაციისთვის შპს ,,ჰიგიენა 2009“-ის საბანკო ანგარიშზე აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ განთავსებული სახსრებიდან, ნაღდი ანგარიშსწორებით გამოიტანა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 5 004 188.27 ლარი. ი.ც. -ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის მითვისება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით).

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ი. ც. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით განუსაზღვრა.