თუშეთში ტურისტული სეზონის გახსნა რამდენიმე კვირით გადაიდო

თუშეთში ტურისტული სეზონის გახსნა რამდენიმე კვირით დაგვიანდება.

ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განაცხადა. მისი თქმით, თუშეთის გზის გაწმენდაზე პასუხისმგებელი კომპანია "გერალი" ამ დროისთვის დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს, თუმცა არის გზის დამეწყრილი მონაკვეთი, რომელზეც კომპანიას დამოუკიდებლად საქმიანობის წარმოება გაუჭირდება.

"ცენტრალურ ხელისუფლებასთან კონსულტაციებს გავდივართ, რათა მათი დახმარებით მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს დამეწყრილი მონაკვეთის გაწმენდა. იქ დაგუბებულია წყლის დიდი მასა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება გარკვეულ დროს მოითხოვს", - განაცხადა ბექა ბაიდაურმა.

გზის აღდგენამდე ადგილობრივებს, რომელთაც თუშეთთან კონტაქტი სჭირდებათ, ვერტმფრენი კვლავ მოემსახურებათ.