საქართველოში საშუალო ხელფასი მატულობს, მაგრამ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა ეცემა.
როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამის მიზეზი ინფლაცია და ლარის დევალვაციაა. თუკი ვინმეს შემოსავალი ეზრდება, მას მაშინვე შთანთქავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილი ხარჯი. ეს პრობლემა ახალგაზრდებში მეტია. რამდენი ხანი დასჭირდება ადამიანს, რომელსაც დიდი ხანი არ აქვს მუშაობა დაწყებული, რომ რაიმე ტიპის ქონების ყიდვა მოახერხოს?
ინფლაციამ და დევალვაციამ ხალხის მსყიდველუნარიანობა საგრძნობლად შეასუსტა, შესაბამისად, ანაზღაურების მატების სიკეთე ლარის გაუფასურებამ და ფასების ზრდამ აბსოლუტურად შთანთქა. გამოკითხულთა უმეტესობა წუწუნებს და შფოთავს დაბალ ანაზღაურებასა და ძვირ ცხოვრებაზე. მათი აზრით, საკმაოდ ბევრი დარღვევაა ქვეყანაში და ამის გათვალისწინებით იმ კითხვაზეც ეცინებათ, თუ რამდენად მალე შეძლებს თავისი შემოსავლით ახალგაზრდა მოქალაქე დამოუკიდებლად უძრავი ქონების შეძენას. როგორც ჩანს, ეს ფაქტი ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად სასაცილო და არარეალური ჰგონიათ.
თაკო ნაჭყებია 29 წლის პედაგოგია. ის თავისი პროფესიით უკვე ექვსი წელია მუშაობს საჯარო სკოლაში: "მეექვსე წელია, ვმუშაობ, ხელფასი პედაგოგებს ძალიან დაბალი გვაქვს, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და მივილტვი ცალკე ცხოვრებისაკენ, როგორც ეს ყველა ზრდასრულ ადამიანს უნდა. რეალობა კი ისეთია, რომ, თუ მშობლებმა არ იზრუნეს ამაზე თავის დროზე და უძრავი ქონება შვილისთვის ცალკე არ შეიძინეს, დღევანდელ პირობებში ძალიან რთულია, ადამიანმა ამას თავი მოაბას. დაახლოებით 15-20 წელი სჭირდება, რომ ჩვეულებრივმა მოქალაქემ უძრავი ქონების შეძენა შეძლოს. ამას ჩემი ხელფასის გათვალისწინებით ვამბობ.
ამ 6 წლის განმავლობაში, რაც ვმუშაობ, ფულს ვაგროვებ და ჯერჯერობით მხოლოდ ნორმალური მანქანის სამყოფი ფულის თავმოყრა შევძელი. ბინაზე ლაპარაკი ზედმეტია და ამ ეტაპზე არანაირი პერსპექტივა არ ჩანს. ანაზღაურება და ცხოვრების პირობები საერთოდ არ არის ერთმანეთთან თანხვედრაში და თუ დავფიქრდებით, ძალიან რთულია, რეალურად თვიდან თვემდე ხელფასით გაიტანო თავი და პლუს ამას დანაზოგი გააკეთო. ამ დროს რაღაც გადადებული თანხა ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, ეს თავისებურად სიმშვიდის გარანტიაა, მით უმეტეს, ისეთ არასტაბილურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თაკო ნაჭყებიამ.
საქართველოში ყველაზე დიდ პრობლემად ისევ და ისევ დასაქმება და ნორმალური ანაზღაურება რჩება. ხალხს უჭირს ამ ხელფასით არსებობა, უმეტესობა ქირით ცხოვრობს. ახალგაზრდები, განსაკუთრებით ისინი, ვინც რაიონიდან სასწავლებლად არიან ჩამოსული, მხოლოდ საკუთარი თავისა და შრომის იმედად არიან. უმეტესობა უძრავი ქონების ყიდვაზე ფიქრსაც ვერ ბედავს, უფრო რეალურად აღიქვამენ ბინის დაგირავებას. ასეთი მეთოდით სამომავლოდ უძრავი ქონების შეძენის შანსი მეტია. სწორედ ამგვარად ცხოვრობს 29 წლის გიგა მენაბდე, რომელიც განათლებით დიპლომატია, თუმცა საკუთარი პროფესიით მუშაობა ძალიან გაუჭირდა. მან თავიდან მაღაზიის კონსულტანტობით დაიწყო, ახლა კი ერთ-ერთი ოფისის "ქოლ ცენტრში" მუშაობს.
"მეორე კურსიდან ვმუშაობდი. თავიდან 235 ლარი მქონდა ხელფასი, მაღაზიათა ქსელი იყო და იქ კონსულტანტად ამიყვანეს. ზუსტად ამ 235-ლარიანი ხელფასიდან დავიწყე ფულის შეგროვება და 8 000 დოლარი შევაგროვე დაახლოებით 8 წელიწადში. რასაკვირველია, ამით ვერაფერს ვიყიდდი და ქირის გადახდას ვამჯობინე, ბინა დამეგირავებინა. ახლა ყოველთვიური საზრუნავი აღარ მაქვს, ფულის დაგროვებასაც ვაგრძელებ.
დაგირავების ვადა რომ გავა, იმ თანხას უკან დამიბრუნებენ და ჩემი ახალი დანაზოგი რომ დაემატება, იქნებ, მშენებარეშიც შევიტანო. ამ გზით დაახლოებით 10-15 წელიწადში ბინის შეძენას მოვახერხებ. რთულია, მაგრამ რეალურია. ყველაფერზე უარს ვამბობდი, გართობაზე, მანქანაზე, ზედმეტ ხარჯებსაც თავს ვარიდებდი, მაგრამ ხომ არსებობენ ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებიც ამას ვერ ახერხებენ? ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია, თუ მოინდომებ", - განუცხადა "რეზონანსს" გიგა მენაბდემ.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ საქართველოში ხელფასების ოდენობა დაბალია და ამ მხრივ ბევრად უკან ვართ. ამ დროს უძრავი ქონების ფასი საკმაოდ მაღალია და მის შეძენას წლები არ ჰყოფნის.
"ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა სამუშაო ადგილების სიმცირეა. დაახლოებით 3 თვე უნდა 1 კვადრატული მეტრის შეძენას. ეს დღეში 2,50 ლარის დაზოგვას უდრის. ვისაც, სულ მცირე, 30 კვადრატული მეტრი ფართის შეძენა უნდა, 5-6 წელია საჭირო. ასაკობრივი თემაც არის და ხელფასის ოდენობაც.
დამოუკიდებლად ბინის ყიდვა რთულია. კრედიტებსაც იღებენ, მაგრამ გადახდისუნარიანობა საკმაოდ დაბალია. სამუშაო ადგილების სიმცირეც მთავარი პრობლემაა. ოჯახებში უმეტესად ერთი ადამიანი მუშაობს და სადაც ორია დასაქმებული, ლოგიკურია, რომ მათ უფრო უადვილდებათ უძრავი ქონების ყიდვა. ევროპას ვერც შევედრებით. იქ მაღალი ხელფასიც არის და უფრო მეტად დამოუკიდებლები არიან", - განუცხადა "რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.
თეო გუდავაძე
გაზეთი "რეზონანსი"