ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ამჟამად რამდენიმე მიმართულებით საქმიანობს, თუმცა ყველა მათგანი ტურიზმს უკავშირდება.
”ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა მისთვის ძალიან კარგი პრაქტიკული გამოცდილება იყო. ახლა კი აკეთებს იმას, რაც მაქსიმალურ სიამოვნებას ანიჭებს. მაია სიდამონიძე სასტუმრო ”ტერასას” და ტურისტული სააგენტო ”პროთრეველის” დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტული პროექტისა და საინვესტიციო-საკონსულტაციო კომპანია Channel Georgia-ს კონსულტანტია.
”საჯარო სექტორში ყოფნით საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღე. ეს იყო დიდი პროფესიული ზრდა. თუმცა იმ პასუხისმგებლობისა და დატვირთული რეჟიმის ქვეშ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობა გამორიცხულია. ჩემი ამჟამიდენლი საქმიანობა გარკვეულწილად გავს საჯარო სექტორში საქმიანობას, ეს განსაკუთრებით საკონსულტაციო პროექტებს ეხება. თუმცა ახლა უფრო დიდ თავისუფლებას ვგრძნობ. გარემო უფრო ლიბერალურია. აღარ მხვდება ბიუროკრატია და წინააღმდეგობები”, - აღნიშნავს მაია სიდამონიძე.
მიუხედავად იმისა, რომ თავს ახლა ძალიან კომფორტულად გრძნობს, ამბობს, რომ მისი საქმიანობის ყველაზე გამორჩეული ეტაპი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა იყო.
”სახელმწიფო პოლიტიკა იყო ძლიერი და ამიტომაც ყველანაირი ხელშემწყობი ფაქტორი გვქონდა, რომ თუნდაც იმ სამი წლის განმავლობაში მიგვეღწია შედეგისთვის, რასაც სხვა ქვეყნები უფრო მეტ დროს ანდომებენ,” - აღნიშნავს სიდამონიძე.
მაიასთვის ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა ორმაგი გამოწვევა იყო, რადგან სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობისთვის დაბრუნდა სამშობლოში უცხოეთში 10 წლიანი ცხოვრების შემდეგ. 10 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ცხოვრების მიზანი ხარისხიანი განათლებისა და საერთაშორისო გამოცდილების მიღება იყო. თუმცა მისი სამომავლო გეგმები ყოველთვის საქართველოს უკავშირდებოდა და ცდილობდა, სამშობლოში სასურველი სამუშაო ადგილი მოეძებნა. ეს ადგილი კი საჯარო სივრცეში აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც მაიამ კვლავ სამშობლოში, თუმცა ამჯერად კერძო სექტორში საქმიანობა გადაწყვიტა.
”საქართველოში დავრჩი, რადგან მიმაჩნია, რომ ამ სფეროში საინტერესო ტენდენციები ვითარდება და აქ ყოფნა ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა მივიღო,” - განმარტავს მაია.
კვლავ საჯარო სივრცეში დაბრუნებას კი არ გეგმავს. რადგან მისი საჯარო სივრცეში მოსვლა პროფესიული ნაბიჯი იყო და არა თვითმიზანი, რომ პოლიტიკოსი ყოფილიყო.
”საქართველოში ადვილი არაა პროლიტიკოსობა. ამ ეტაპზე საჯარო სივრცეში დაბრუნებას არ ვაპირებ. ყოველ შემთხვევაში სანამ ქვეყანაში ცივილიზებული პოლიტიკური საზოგადოება არ ჩამოყალიბდება, სადაც თავის დამკვიდრება ჭუჭყიანი თამაშების გარეშე იქნება შესაძლებელი, დაბრუნებას არ ვაპირებ,” - აღნიშნავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე.
მაია უკმაყოფილოა ტურიზმის ადმინისტრაციის სტრატეგიისა და მისი განხორციელების გზებითაც.
”გამოვყოფდი პროექტს Check in Georgia-ს, რომელიც იდეაში შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყო, თუმცა ბევრი ხარვეზის გამო ვერ ვიღებთ იმ შედეგს, რაც საჭიროა. თუ ამ პროექტის მიზანი საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვაა, მაშინ ღონისძიებების კალენდარი უფრო დიდი ხნით ადრე უნდა იყოს გაკეთებული და მათი მიზნობრივ ბაზრებზე პოპულარიზაცია უნდა ხდებოდეს. მეორე მხრივ, გარკვეულ კონცერტებზე არალოგიკურად ბევრი ფული იხარჯება, გაკვეულზე კი - ცოტა. მაგალითად, არ ვფიქრობ, რომ ”აეროსმიტის” კონცერტზე 5 მილიონი უნდა დახარჯულიყო,” - ამბობს მაია.
”ქართული ღონისძიებების და ფესტივალების ორგანიზებაც არ ხდება სათანადოდ. სახელმწიფო სუბსიდირება ამა თუ იმ ფესტივალზე შეცდომაა, რადგან ეს კომერციული პროექტებია. თუმცა თუ ქვეყანას მაინც უნდა მსგავს პროექტებში ჩართვა, უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც გადაწყვეტს GEM Fest უნდა დააფინანსოს, Open Air თუ რაღაც სხვა. ასე არალოგიკურად ფესტივალების დაფინანსება ორგანიზატორებსაც არათანაბარ პირობებში აყენებს. კიდევ ერთი ხარვეზი ის არის, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებებს არააქტიურ სეზონზე არ აკეთებენ, როგორც ეს ხდება ხოლმე ტურისტების გააქტიურების მიზნით. ჩვენთან მსგავსი ფესტივალები აქტიურ სეზონს ემთხვევა, როცა ტურისტების რაოდენობა ისედაც დიდია,” - დაამატა მან.
მაიას თქმით, აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს კერძო და საჯარო სექტორის კომუნიკაცია და კოორდინაცია, რაც ამ დროისთვის ფრაგმენტულ დონეზე ხდება. კერძო სექტორმა სახელმწიფოს პრობლემები უნდა გაუზიაროს და მათი ანალიზის შედეგად უნდა დაიგეგმოს ტურიზმის განვითარების შემდეგი ეტაპები. კომუნიკაცია დედაქალაქის წამყვან სასტუმროებთან და ტურისტულ სააგენტოებთან საკმარისი არ არის. გარკვეულ ეტაპზე, სტრატეგიაც იქნება შესაცვლელი და შედარებით მაღალმხარჯველიან სეგმენტზე ორიენტირის გაკეთებაა აუცილებელი.
”ხშირად მესმის შენიშვნები, რომ მარტო ტურიზმი ვერ გადაგვარჩენს. რა თქმა უნდა, ასეა და ეკონომიკის დივერსიფიკაცია აუცილებელია, თუმცა როცა ქვეყანას ასეთი პოტენციალი აქვს, როცა ამ მიმართულებით ამჟამად შემოსავალი 2 მილიარდს აღწევს, მიმართულება უამრავ ადამიანს ასაქმებს, მათ შორის, რეგიონებში, დიდ საექსპორტო შემოსავალს უზრუნველყოფს, რაც ავტომატურად კურსის გამყარებას ნიშნავს, ვფიქრობ ეჭვი აღარაა, რომ ამ მიმართულების განვითარებაზე დიდი რესურსი უნდა დაიხარჯოს”, - განმარტავს მაია სიდამონიძე.
მაიას საკმაოდ გადატვირთული რეჟიმით უწევს ცხოვრება და დიდ დროს უთმობს პროფესიულ საქმიანობას. თუმცა აღნიშნავს, რომ მისი ყველაზე დიდი მიღწევა მისი შვილია. მას საქმიანობის სხვადასხვა ეტაპზე ბევრი სექსისტური კომენტარიც მოუსმენია საკუთარ თავზე, თუმცა ამას უარყოფითად არ უმოქმედია.
”პრობლემები იმის გამო, რომ ქალი ვარ, პირადად მე არ შემხვედრია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში ეს პრობლემა აქტუალური არაა. ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედავად, ქალისთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს დამოუკიდებელი და რეალიზებული. წარმატებისკენ მიმავალი გზა ტახიკარდიის სქემას გავს, სადაც აუცილებლად არის გარკვეული ჩავარდნები. თუმცა მე საკითხს ასე ვუყურებ: საჭიროა გამოწვევები და სირთულეები, რომ ცხოვრების შემდეგ ეტაპს უფრო გამართული შეხვდე. ყოველთვის მოტივირებული უნდა ვიყოთ,” - ამბობს მაია.
ნანა მღებრიშვილი