წლის ბოლომდე ზოგიერთი მეტროსადგური შშმ პირებისთვის ადაპტირებული გახდება

წლის ბოლომდე რამდენიმე მეტროსადგური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული გახდება.

აღნიშნულ პროექტზე დედაქალაქის ტრანსპორტის საქალაქო სამსახური მუშაობს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, პროექტზე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მუშაობენ.

„რამდენიმე მეტროსადგურში პორტატული რკინის კონსტრუქციები განთავსდება, რომლის მეშვეობითაც შშმ პირი ექსკალატორზე გადაადგილებას შეძლებს. პირველ ეტაპზე პროექტი იმ 10 მეტროსადგურში განხორციელდება, სადაც კიბე არ არის და მხოლოდ ექსკალატორია. მათ შორის მეტროსადგურებზე "რუსთაველი", "თავისუფლების მოედანი" და სხვა. გვინდა ამ 10 ლოკაციაზე წლის ბოლომდე დავასრულოთ მუშაობა. რაც შეეხება თანხებს, ვფიქრობთ პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის მოძიება გრანტის სახით მოხდება“, - აღნიშნეს ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში.