დარღვევით ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისთვის სამართალდამრღვევი სუბიექტები, შესაძლოა, საჯარიმო სანქციების გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლდნენ.
პარლამენტში ინიცირებულია ”პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში” ცვლილებების პროექტი, რომელიც დეპუტატებმა გრიგოლ ლილუაშვილმა და ილია წულაიამ მოამზადეს.
ინიცირებული პროექტის მიხედვით, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების დროებითი წესი იმ სუბიექტებს შეეხება, რომელთა მიერ 2007 წლის 1-ელი იანვრიდან 2015 წლის 20 აპრილის მდგომარეობით მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე სანებართვო პირობების დარღვევით ან უნებართვოდ ნაწარმოებია სამშენებლო სამუშაოები - შენობა-ნაგებობის, მზიდი ელემენტების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია.
აღნიშნული პირები ჯარიმა-საურავის გადახდისგან გათავისუფლდებიან, თუ მათ მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორებულია აღნიშნული ნორმის ამოქმედების მომენტისათვის, ან გამოსწორდება, ან კანონით დადგენილი წესით დადასტურდება მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ ნორმის ამოქმედებიდან ერთი წლის ვადაში.
პროექტის ინიციატორთა შეფასებით, ამ გზით შეიქმნება წინაპირობა, დედაქალაქის ტერიტორიაზე მოუწესრიგებელი განაშენიანება დასრულებული მშენებლობებით ჩანაცვლდეს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კანონის მიღება თბილისის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს საშუალოდ 1 360 000 ლარით შეამცირებს.