საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას გვირაბის მშენებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება, 2017 წელს დარიალისა და დევდორაკის ხეობების გადაკვეთის ადგილას საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132 - კმ135 მონაკვეთზე, დაახლოებით, 2 კმ-იანი გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება. პროექტის ღირებულება 47 179 224 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, სამუშაოების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვე.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისათვის გვირაბის საპროექტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს პროექტირება-მშენებლობის რეჟიმში ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს „ფერი“ განახორციელებს.
კომპანიამ დეტალური პროექტის მომზადების შუალედური ანგარიშის ფარგლებში პროექტის რამდენიმე ვარიანტი წარადგინა, რომელსაც კომპანიის სპეციალისტები, გეოლოგები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.
„დარიალის ხეობაში, ბოლო წლების განმავლობაში სტიქია რამდენიმეჯერ განმეორდა, რაც საფრთხეს უქმნიდა ამ მონაკვეთზე მგზავრების გადაადგილებას, ასევე ამ პერიოდში მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე სატრანზიტო ფუნქცია წყდებოდა, რაც ქვეყნისთვის საშუალოდ მილიონ ლარამდე დანაკარგი იყო ყოველდღიურად. შესაბამისად, დევდორაკის გვირაბის მშენებლობა, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია და ქვეყანა შეძლებს ჰქონდეს სტაბილური და უსაფრთხო გზა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.