ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მიმდინარე ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია აბულაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა.
როგორც აბულაძე ამბობს, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ ბათუმს პლაჟი აღარ ექნება, რაც საკურორტო ქალაქზე უარყოფითად აისახება.
ოპოზიციის წარმომადგენელი აჭარის მთავრობას სამუშაოების პროექტის და შესყიდვების დოკუმენტების გასაჯაროებას სთხოვს. იგი ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
„2013 წლის შემდგომ აჭარის მთავრობამ ნაპირგამაგრების პროგრამა გააუქმა, რომელიც ითვალისწინებდა ნატანის ხელოვნურად შეტანას, რამაც ახალი ბულვარის ნგრევა გამოიწვია, თუმცა ამ უგუნური გადაწყვეტილების გამო არავინ დასჯილა. 2015 წელს აჭარის მთავრობამ დახარჯა 5,3 მილიონი ლარი და დაიკარგა ერთი კილომეტრის სიგრძის პლაჟი, რაზეც არავინ დასჯილა. წელს დაიწყეს ნაპირგამაგრების სამუშაოები ჟილინის არხამდე. მიმდინარე წლის 2 მარტს „შერატონში“ კონფერენცია გაიმართა, სადაც ნაპირგამაგრების სამუშაოების პროექტზე ისაუბრეს. აღმოჩნდა, რომ საქართველოში მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტროს გარდა არავინ იცოდა პროექტის შესახებ, უფრო მეტიც, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები აღშფოთებული ამბობდნენ, რომ არსებული პროექტის განხორციელება დაუშვებელია. აჭარის მთავრობა ტელევიზიებით გვარწმუნებს, რომ წარმატებული პროექტია, თუმცა, როცა გამოვითხოვეთ ინფორმაცია, გვიპასუხეს, რომ მათ პროექტის შესახებ არანაირი დოკუმენტი ან ინფორმაცია არ გააჩნიათ. 2017 წლის 27 აპრილს დამატებით მივმართეთ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას მუნიციპალური განვითარების ფონდს, რათა მოეწოდებინათ ხელშეკრულებების, ნებართვებისა და პროექტის ასლები. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მათ ავალდებულებს ასლები უნდა მოგვაწოდონ 10 დღეში, სამწუხაროდ, დღემდე არანაირი პასუხი არ მიგვიღია. სრულიად გასაიდუმლოებულია, როგორც პროექტი, ასევე სამუშაოების შესყიდვის დოკუმენტები, რომელთა ღირებულება 30 მილიონზე მეტს შეადგენს. მოვუწოდებთ აჭარის მთავრობას, გასაჯაროვდეს სამუშაოების პროექტი და შესყიდვების დოკუმენტები და მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია. ასევე აგვიხსნან შევინარჩუნებთ ახალ ბულვარს და პლაჟს თუ - არა. ასევე მინდა მოვუწოდო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ ახალი ბულვარის მიმდებარედ ნაპირგამაგრებითი სამუშაოების პროექტით“, - აცხადებს გია აბულაძე.