დღეიდან თბილისის მეტროს მგზავრებს 4 განახლებული ვაგონი მოემსახურება.
როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განაცხადეს, მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის და კაპიტალური რემონტის ფარგლებში, 2017 წელს პირველ ეტაპზე ხელშეკრულება 8 ვაგონის განახლებაზე გაფორმდა.
ახალგარემონტებულ ვაგონებში დამონტაჟდა სპეციალური USB როზეტი, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ, დატენონ მობილური ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები. მოძრავ შემადგენლობაში შეიცვალა სიჩქარის ავტომატური რეგულირების ბლოკის მთლიანი სისტემა. ძველი კომპრესორები ჩანაცვლდა ახალი, ხრახნული კომპრესორებით, ასევე, შეიცვალა მოძრავი შემადგენლობის გოგორწყვილი. ნაწილობრივ განახლდა მემანქანის კაბინისა და მოძრავი შემადგენლობის ინტერიერი. ვაგონების კაპიტალურ რემონტს და განახლებას ახორციელებს სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სულ მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია იგეგმება.