კანონით შესაძლებელია სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მოსაკრებლის გადახდის განწილვადება დასაშვები გახდეს.
პარლამენტს ”ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომლის მიხედვით, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან, რომელსაც აღნიშნული კანონის ძალაში შესვლის დროისათვის მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება, წერილობითი განცხადების საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებამდე მოსაკრებლის გადახდის განწილვადების შესახებ.
კანონპროექტი ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადის გადაწევას 2019 წლის 1 იანვრამდე.
პროექტი დეპუტატებმა გრიგოლ ლილუაშვილმა და ბექა ოდიშარიამ მოამზადეს.
”კანონში ცვლილების შეტანის მიზეზია თბილისის ტერიტორიაზე ხანგრძლივი დროის მანძილზე, არაერთი დაუმთავრებელი მშენებლობის არსებობა, რომლებიც დროსთან ერთად, საფრთხის შემცველი გახდა საზოგადოებისათვის - სანიტარული თუ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის თვალსაზრისით. თითოეული სამშენებლო ობიექტის მშენებლობის შეჩერების მიზეზი სხვადასხვაა. უმრავლეს შემთხვევაში, მშენებლობის განმახორციელებელ სუბიექტებს მშენებლობისას წარმოეშვათ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება, რაც მშენებლობის დასრულებას ართულებს”, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.