„რუსთავი 2-ის“, „იმედის“, „მაესტროს“, „ჯი-დი-ესის“, „კომედი არხისა“ და „მარაოს“ ტრანსლირების უფლების მისაღებად GMR-ს ამ დრომდე დაახლოებით, 8 ოპერატორმა მიმართა.
ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ (GMR) დამფუძნებელმა, „მაესტროს“ დირექტორმა ზურაბ ნაყეურმა განუცხადა.
საკაბელო ოპერატორებსა და ონლაინ ინტერნეტ-საიტების ჩამონათვალში, რომელთაც ზემოთჩამოთვლილი არხების გავრცელებისთვის GMR -თან მოლაპარაკება და შესაძლოა ტელეკომპანიებისთვის თანხის გადახდა მოუწიოთ, MYVIDEO.GE, ADJARANET.COM, IMOVIES.GE-ც არიან.
აღნიშნულ კომპანიებში ამ ეტაპზე ან არ ისურვეს კომენტარის გაკეთება ან ჩვენ ზარებს არ უპასუხეს. თუმცა, როგორც ნაყეურმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, MYVIDEO.GE-სთან, ADJARANET.COM-თან და IMOVIES.GE-სთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ხელშეკრულების პირობების დაზუსტების ეტაპზე არიან.
„საკაბელო ოპერატორებისა და ონლაინ ინტერნეტ-საიტების სია, მარეგულირებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან არის აღებული, სადაც მოქმედი ოპერატორების განახლებული სია ყოველთვიურად იდება. თუ ამ სიას ვინმე აკლია, ალბათ მოგვმართავენ და მათთანაც გვექნება მოლაპარაკებები. მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა მოგვარდეს და საკითხი საფუძვლიანად განვიხილოთ. რაც შეეხება, 1 ივნისიდან ამ ოპერატორებისთვის ზემოთჩამოთვლილი არხების ტრანსლირების უფლების შეწყვეტას, ვადებში თუ ვერ ჩავეტიეთ, ეს ვადა გაგრძელდება,“-აღნიშნა ნაყეურმა.
რაც შეეხება თანხას, თუ რამდენის გადახდა მოუწევს თითოეულ ოპერატორს აღნიშნული არხების ჩვენებისთვის, ნაყეური ამბობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება ბიზნეს-მოდელზე, რომელზეც მოლაპარაკებისას შეთანხმდებიან.
„ვაპირებთ, ყველა კომპანიასთან ინდივიდუალური ხელშეკრულება გავაფორმოთ. მათი გამოხმაურების შემდეგ ერთწლიან ხელშეკრულებებს გავუფორმებთ. რაც შეეხება ფასებს, გააჩნია თითოეულ ოპერატორთან რა ბიზნეს მოდელზე შევთანხმდებით. რამდენიმე მოდელია - რეკლამისგან გაწმენდილი კონტენტი, რეკლამით გამდიდრებული და ა.შ. ოპერატორისთვის რომელი მოდელიც იქნება მისაღები, იმის მიხედვით დადგინდება ის ფასი, რაც ამ 6 ტელევიზიამ გადაწყვიტა, რომ უნდა მოითხოვოს,“- აცხადებს ნაყეური.
შპს GMR-მა საკაბელო ოპერატორებსა და ინტერნეტ-საიტებს 28 აპრილს გაუგზავნა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, აღნიშნული შპს ახლო მომავალში "რუსთავი 2"-სგან, "იმედისგან", GDS-სგან, "მაესტროსგან", "კომედი არხისა" და "მარაოსგან" დაირეგისტრირებს ექსკლუზიურ უფლებას, რომლითაც საკაბელო ქსელებსა და ინტერნეტში აღნიშნული ტელეკომპანიების მიერ წარმოებული კონტენტის კომერციული დისტრიბუცია შეეძლება.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საკაბელო ტელევიზიების გაერთიანებამაც გაავრცელა განცხადება. ისინი არხების სიგნალის გათიშვით იმუქრებიან და აღნიშნავენ, რომ ტელეკომპანიების სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას არ დაეთანხმებიან.
გუშინვე განცხადება გაავრცელა შპს GMR-მაც, რომლის თანახმადაც, „ის ოპერატორები, რომლებიც ქართული ტელეკომპანიების მიერ შექმნილი კონტენტის გავრცელებითა და გადახვევის სერვისით იღებენ შემოსავალს, მოგების გარკვეულ ნაწილს უნდა უხდიდნენ კონტენტის შემქმნელებს. მოხდება ეს აბონენტისთვის ტარიფის გაზრდით, საკაბელო ოპერატორების მოგების მარჟის შემცირებით, თუ საკუთარი სხვაგვარი კომერციული კონფიგურაციის მეშვეობით, არც ჩვენი კომპანიის და არც ტელემაუწყებლების ინტერესის საგანს და უფლებამოსილების სფეროს არ წარმოადგენს".
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში კი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საკაბელო ოპერატორებისა და შპს „მედია რაითს ჯორჯიას“ შორის შექმნილ ვითარებას სწავლობენ.