წელს ბათუმში დღის განმავლობაში შეზლონგი 3 ლარი, ქოლგა კი 1 ლარი ეღირება

ბათუმში შეზლონგებსა და ქოლგებზე ფიქსირებული თანხა დაწესდა.

კერძოდ, მიმდინარე წლის სეზონზე დღის განმავლობაში შეზლონგის ფასი 3 ლარი; ქოლგის კი 1 ლარი იქნება.

ამის შესახებ, „ბიზნესპრესნიუსს“ სსიპ „ბათუმის ბულვარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მაგდა ჯაიანმა უთხრა.

„მიმდინარე წელს ბათუმის ბულვარს განახლებული საპლიაჟო ინფრასტრუქტურა ექნება. საუბარია, საშხაპეებზე, გასახდელებზე, შეზლონგებზე. იქნება ასევე ხის გადასასვლელი კეთილმოწყობილი ბილიკები, რომელიც შშმ პირებზეც იქნება ადაპტირებული. სანაპირო ზოლი 29 სექტორად იქნება დაყოფილი და საპლიაჟო ინფრასტრუქტურა თითოეულ სექტორში იქნება განთავსებული.

სანაპიროზე ჯამში 20-20 ერთეული საშხაპე და გასახდელი დამონტაჟდება. რაც შეეხება საფასურს, შეზლონგი დღიურად 3 ლარი, ქოლგა - 1 ლარი ეღირება, ხოლო საშხაპეები უფასო იქნება,“-განაცხადა ჯაიანმა.

მისივე თქმით, სანაპირო ზოლზე საინფორმაციო ბანერები განთავსდება, სადაც ფასების შესახებ ინფორმაცია 3 ენაზე - ქართულად, ინგლისურად და რუსულად იქნება.

ბათუმის სანაპიროზე საპლიაჟო ინვენტარი არაუგვიანეს 1 ივნისისა უნდა განთავსდეს