16 მაისის მონაცემებით, თბილისში დასუფთავების ინსპექტორებს 328 საჯარიმო ოქმი აქვთ შედგენილი, რაც ჯამში 34 670 ლარს მოიცავს.
ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "თბილსერვის ჯგუფში" განუცხადეს. კომპანიის განცხადებით, დაჯარიმებულ პირთა შორის უცხო ქვეყნის 113 მოქალაქეა.
დასუფთავების ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქში მიმდინარე წლის 3 აპრილიდან გამოჩნდნენ. პირველ ეტაპზე ინსპექტორები მოქალაქეებს სიტყვიერად აფრთხილებდნენ, 17 აპრილიდან კი დაჯარიმება დაიწყეს. მოქალაქეები საყოფაცხოვრებო თუ სხვა ნარჩენების დაყრისთვის ჯარიმდებიან. სიგარეტის ნამწვის, მზესუმზირისა და სხვა ნარჩენების დაყრისთვის ჯარიმა 80 ლარია, 2 კილოგრამზე მეტი წონის ნარჩენზე კი 150 ლარი.
კომპანიის ცნობით, ინსპექტორები სპეციალური ვიდეო და ფოტოკამერებით არიან აღჭურვილები და დანაგვიანების ფაქტებს ადგილზე აფიქსირებენ.