ჩინეთის ვიცე-პრემიერთან შევთანხმდით, რომ ჩინეთის სახელმწიფო წაახალისებს ჩინურ კერძო სექტორსა და სახელმწიფო კომპანიებს, რათა მათ საქართველოში ინვესტიციები განახორციელონ და საწარმოო სიმძლავრეები გაზარდონ , - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომლებიც დღეს გვაქვს როგორც ევროპასთან, ისე დსთ-ს ქვეყნებთან და ჩინეთთან. ჩვენ ვთხოვეთ დახმარება ჩინურ მხარეს, რათა „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში, შეიქმნას ახალი პროექტი, რომლის მეშვეობითაც მოხდება ჩინური კერძო სექტორის ხელშეწყობა საქართველოში,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა ასეთი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითად დაასახელა კომპანია „ჰუალინგი“, რომელიც 2015 წელს საქართველოს ყველაზე მსხვილ ინვესტორად დასახელდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ კომპანია „ჰუალინგის“ ინვესტიციებმა 600 მლნ აშშ დოლარი შეადგინა და სხვადასხვა სფერო მოიცვა, მათ შორის, საბანკო, ენერგეტიკა, ტექნოლოგიები, რასაც ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერა და ხელშეწყობა მოჰყვა.
ამასთან, მან ყურადღება გაამახვილა პეკინში ორი დღის წინ შანხაის უმსხვილეს კორპორაცია „CEFC“-თან გაფორმებულ მემორანდუმზე, რომლის თანახმადაც საქართველოში ჩინური ინვესტიციით 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მქონე ბანკი გაიხსნება, რომელიც ჩინურ ბიზნესს საქართველოსთან საქმიანი ურთიერთობის განვითარებაში დაეხმარება.
ასევე, „CEFC“-ი იქნება მეორე ჩინური კომპანია „ჰუალინგის“ შემდეგ, რომელიც საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიულ ზონას შექმნის, რომელიც ქალაქ ფოთში განთავსდება.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე წარიმართა თანამშრომლობის ახალ მიმართულებებზე, მათ შორის, ერთობლივი ინოვაციების ცენტრების ჩამოყალიბებასა და თავისუფალ ტურისტულ ზონებზე. მათ შორის, ყურადღება გამახვილდა ორივე ქვეყნის მთავრობების ხელშეწყობაზე ტურიზმის განვითარების მიმართულებით.