ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგს შეხვდა.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა და ჩინეთის ვიცე-პრემიერმა საქართველო-ჩინეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილა.
შეხვედრა ჩინეთის ანჰუის პროვონციის ქალაქ ჰეფეიში გაიმართა, სადაც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ჩინეთის ვიცე-პრემიერთან ერთად, „ცენტრალური ჩინეთის ექსპო 2017“-ის ოფიციალურ გახსნაზე მოხსენება გააკეთა.
შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს დამოკიდებულებაზე „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის მიმართ, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ინიციატივაა.
ინიციატივის თანახმად, საქართველო წარმოდგენილია როგორც ცენტრალური სატრანსპორტო (აღმოსავლეთ-დასავლეთის) დერეფნის შემადგენელი. პირველმა ვიცე-პრემიერმა აქცენტი გააკეთა ჩინეთის პრეზიდენტის მიერ დასახელებულ „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მიმართულების 5 მთავარ პრინციპზე, რომლის თანახმადაც, სარტყელისა და გზის ქვეყნებს შორის უნდა არსებობდეს მშვიდობიანი თანაცხოვრება, ეკონომიკური კეთილდღეობის გადანაწილება, ხალხთა შორის კულტურული კავშირების განვითარება და თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში.
„საქართველო ერთ-ერთი პირველი მიუერთდა აბრეშუმის გზის ინიციატივას, როგორც ისტორიულად მისი განუყოფელი ნაწილი“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
მისივე თქმით, ე.წ. „ცენტრალური დერეფანი“ უმოკლესი გზაა ჩინეთსა და ევროპას შორის.
ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული მარშრუტით ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გავლით შესაძლებელია ტვირთის ჩატანა 12-14 დღეში. პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე ახსენა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც 2017 წელს უნდა ამოქმედდეს და საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის გავლით ჩინეთიდან სარკინიგზო ტვირთების გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.
შეხვედრაზე, ჩინეთის ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ქართული მხარის წინადადება „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში ჩინური კომპანიების მიერ საქართველოში ახალი საწარმოო სიმძლავრეების შექმნის შესახებ. გარდა ამისა, დასახელდა მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც დადებითად გადაწყდება ქვეყნებს შორის და ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე.