„ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ცენტრალური კორიდორის მთავარი უპირატესობებია: კონკურენტული ფასი, ტრანსპორტირების ყველაზე მოკლე დრო და უსაფრთხოება“ , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ, ვანგ იანგთან შეხვედრისას განაცხადა.
დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინ პინმა საქართველო დაასახელა ე.წ. ცენტრალურ ან შუა სატრანსპორტო კორიდორში, რასაც განვითარება ესაჭიროება.
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, უახლოესი 4 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა მილიარდობით დოლარის დახარჯვას გეგმავს ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროექტი და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დაისვა ცენტრალური ჩინეთის პროვინციებიდან საკონტეინერო სახმელეთო გადაზიდვებისთვის, ახალი აბრეშუმის გზის ცენტრალური სატრანსპორტო დერეფნის გამოყენების შესაძლებლობის საკითხი.
„ითქვა, რომ ამ მიმართულებით ჩინეთიდან ევროპაში შესაძლებელია ტვირთის 12-14 დღეში გადატანა. ასევე აღინიშნა, რომ 2017 წელს ჩინეთის ჯანგსუს პროვინციიდან საქართველოს რკინიგზას 30 საკონტეინერო შემადგენლობა გაივლის“, - განაცხადეს სამინისტროში.