"ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად"

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ქმნის საქართველოში ინვესტიციების მოსაზიდად , - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო თანდათან იბრუნებს იმ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც ისტორიულად გააჩნდა.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე ევროკავშირთან. ეს საქართველოს ძალიან საინტერესოს ხდის ინვესტიციებისათვის. ჩვენ ვთვლით, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერა ახალი ინვესტიციების მოსაზიდად, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განსავითარებლად უმნიშვნელოვანესი იქნება. ეს არის მნიშვნელოვანი ახალი კარი, რომელიც გაიღო საქართველოს საექსპორტო პოტენციალის და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების მიმართულებით. საქართველო თანდათან იბრუნებს იმ გეოსტრატეგიულ ფუნქციას, რომელიც ისტორიულად გააჩნდა. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც აუცილებლად ღია უნდა იყოს ასეთი ტიპის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის და ვფიქრობთ, ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ ხელშეკრულებაზე მუშაობა მიმდინარეობდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და ყველას, ვინც მის მომზადებაში მონაწილეობა მიიღო, მადლობა გადაუხადა.