ქართული წარმოების ტელევიზორის AG telecom-ის პირველი პარტია მთლიანად გაიყიდა.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია AG-TELECOM-ის დირექტორმა მიხეილ ღლონტმა განუცხადა.
მისი თქმით, ტელევიზორების პირველი პარტია, რომელიც სულ 1 600 ერთეული იყო, ძირითადად ქართულ ბაზარზე გაიყიდა, თუმცა მცირე რაოდენობით აზერბაიჯანშიც გავიდა.
„პირველი პარტია სრულად გავყიდეთ და წარმოება ცოტა ხანს შეწყდა. თუმცა ახლა უკვე ორ თვეში, დაახლოებით ივლისის ბოლოს ტელევიზორების ახალი პარტია გამოვა. ძველ ვერსიებს დაემატება ახალი 50 ინჩიანი ტელევიზორიც“, - განაცხადა ღლონტმა.
მისივე თქმით, ტელევიზორებთან ერთად პირველი ქართული ტაბლეტის ორი ახალი მოდელიც ივლისის ბოლოს გამოვა.
„ორ თვეში ტაბლეტი სრულიად დაიტესტება. შევეცდებით, რომ ფასიც შესაფერისი გვქონდეს, მაღალი მეხსიერებით, ხარისხით, ასევე თავისი მაღალი გაფართოებით 330 ლარი ეღირება. ასევე გვინდა, რომ ტაბს დამცავიც მოყვებოდეს. ვფიქრობთ, თავდაპირველად 1000-1500 ტაბლეტს გამოვუშვებთ“, - აღნიშნა ღლონტმა.
მისი თქმით, კომპანია კიდევ ერთ ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც სახლში ჰაერის შემცველობას გააკოტროლებს. გაზის გაჟონვის ან რაიმე უარყოფითი ცვლილების შემთხვევაში სპეციალური მოწყობილობა სახლში ყველაფერს გათიშავს.
ქართული ტელევიზორების მწარმოებელი ქარხანა - AG Microelectronics-ი პირველი მიკროელექტრონული საწარმოა ამიერკავკასიის რეგიონში, რომლის დამფუძნებელი კომპანია AG Telekom-ია.
საწარმო ქართველი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენების მიერ განხორციელებული სამმილიონიანი ინვესტიციების შედეგად აშენდა. მის მიერ წარმოებული ტელევიზორების რეალიზაცია 2016 წლის მაისიდან დაიწყო.
ლიკა ამირაშვილი