საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტზე გატანილი მსხვილფეხა პირუტყვის ტყავი იტალიაში "ჰერმესის" ქარხანას მიეწოდება.
ინფორმაციას ამის შესახებ დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია ავრცელებს.
პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი ექსპორტზე ევროკავშირში, კერძოდ საბერძნეთში რამდენიმე დღის წინ გავიდა. დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ოკრიბელაშვილის ცნობით, პირველი ქართული ტყავი ევროკავშირში უკვე დაიცალა და წარმოებაშიც ჩაიშვა.
ასოციაციის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე საზღვარგარეთ 18 ტონა ხელით დამარილებული ბეწვიანი პირუტყვის ტყავი გავიდა. მათივე ცნობით, ბერძნულ კომპანიასთან 2 წლიანი კონტრაქტია გაფორმებული, რომლის თანახმადაც, ქართულმა მხარემ თვეში 70 ტონა ტყავი უნდა მიაწოდოს.
„დღემდე ქართული ტყავის ერთადერთ უცხოურ ბაზარს თურქეთის რესპუბლიკა წარმოადგენდა, რომელიც შესყიდვას სეზონურად აწარმოებდა და ერთ კილოგრამზე 0.15 ევროთი უფრო დაბალ ფასში, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები. დღეს უკვე თვეში 70 ტონა ტყავის მოწოდების თაობაზე ბერძნულ კომპანიასთან გაფორმებულია კონტრაქტი 2 წლის ვადით. ტყავი საბერძნეთში დამუშავდება, რის შემდეგაც როგორც ქართული ნედლეულის პროდუქტი, იტალიაში "ჰერმესის" ქარხანას მიეწოდება,“ - აცხადებენ ასოციაციაში.
დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია, მისი წევრი-კომპანიების მეშვეობით მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ საბერძნეთის გავლით ევროკავშირში თვეში 80 ტონა ცხვრის დამარილებული ტყავი და სოფლის მეურნობის სხვა პროდუქცია შევიდეს.
გარდა ამისა, ასოციაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში საბერძნეთში, ათენში ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას გეგმავს, რომელსაც ათენის 40 000-იანი ქართული დიასპორა უკვე ელოდება.
სამუშაოში დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საბერძნეთისა და საქართველოს ვეტერინარული სამსახურები, საბერძნეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა მონაწილეობდნენ.
ტყავის გატანასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპორტო სერტიფიკატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა. სააგენტოს ცნობით, მატყლის შემდეგ, ტყავი მეორე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში პირველად გავიდა.