ჩინეთის მთავრობა ადგილობრივი კომპანიების მხრიდან საქართველოს საბანკო და საფინანსო სექტორებში ინვესტიციებს წაახალისებს , - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვიცე-პრემიერ ვანგ იანგთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც ჩინეთის ქალაქ ჰეფეიში გაიმართა.
როგორც სამინისტროდან იუწყებიან, ქუმსიშვილმა ჩინეთში სამუშაო ვიზიტისას მონაწილეობა მიიღო პეკინში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე ”ერთი სარტყელი - ერთი გზა“, რომლის დროსაც მოხსენება გააკეთა საქართველოს როლსა და ფუნქციაზე ახალი აბრეშუმის გზის განვითარების მიმართულებით.
მისი თქმით, დადებითი გზავნილი, რომელიც ჩინეთის ვიცე-პრემიერმა გააკეთა, პოზიტიურად აისახება საქართველოს ეკონომიკით მსხვილი ჩინური კომპანიების დაინტერესებაზე.
ფორუმის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა ერთ-ერთ უმსხვილეს ჩინურ კომპანიასთან CEFC საქართველოში ახალი ბანკის - „საქართველოს განვითარების ბანკის“ დაფუძნების შესახებ მემორანდუმს.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ახალი ბანკი ხელს შეუწყობს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას.