დარიალი ჰესის დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებით EBRD-მ საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები დაარღვია.
ამის შესახებ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმის ანგარიშშია ნათქვამი.
ამ პოზიციით, EBRD -ის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმმა „მწვანე ალტერნატივისა“ და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდას“ საჩივარი დააკმაყოფილა. ორგანიზაციებმა EBRD-ს დამოუკიდებელ გასაჩივრების მექანიზმში დარიალის ჰესისთვის კრედიტის გამოყოფის თაობაზე საჩივარი 2014 წლის 22 ნოემბერს შეიტანეს.
მოსარჩლეები დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმისგან EBRD-ის შესაბამის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკებთან „დარიალი ჰესის“ პროექტის თავსებადობის შეფასებას ითხოვდნენ.
ანგარიშის შესახებ, ინფორმაციას მწვანე ალტერნატივა ავრცელებს.
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა ბანკის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმის (PCM) მიერ მომზადებული ანგარიში, რომლის თანახმადაც, EBRD-მ საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები დაარღვია, როცა დარიალი ჰესის დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო. ამ ნაბიჯით, ბანკმა გაიზიარა მწვანე ალტერნატივასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმინდას“ მიერ საჩივარში აღწერილი დარღვევები.
PCM-ის მომზადებული დასკვნის თანახმად, EBRD-მ „დარიალ ჰესის“ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში პროექტთან დაკავშირებული გეოდინამიკური რისკები სათანადოდ არ შეაფასა.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში შეფასებული იყო მხოლოდ პროექტის განხორციელებით გამოწვეული რისკები, და არა ისეთი საფრთხეები, როგორიცაა მეწყერები და ღვარცოფები, რომელთაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას დარიალი ჰესის ინფრასტრუქტურას, მომუშავე და საპროექტო არეალში მყოფ ადამიანებს. შესაბამისად, პროექტის დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებით ბანკმა დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა (შესაბამისობის სტანდარტი: 1.9).
დასკვნა ადასტურებს, რომ ასევე არ იყო შესწავლილი მდინარე თერგში წყლის ხარჯის უახლესი მონაცემები. ბანკის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მოძველებულ მონაცემებს (1990 წელი და ძველი). გამომდინარე ზემოთქმულიდან, EBRD-მ ამ შემთხვევაშიც დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა (შესაბამისობის სტანდარტი: 1.5)
დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმმა მოუწოდა EBRD-ს, რომ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან მიმართებაში:
- უზრუნველყოს, როგორც პროექტის მიერ წარმოქმნილი, ასევე პროექტისგან დამოუკიდებლად არსებული რისკების/საფრთხეების გამოვლენა და მათი ინტეგრირება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში;
- უზრუნველყოს ბსგზშ ანგარიშში გარემოსდაცვითი მონაცემების განახლება, მათ შორის, მდინარეზე დაგეგმილი სხვა პროექტებისა ან/და კლიმატის ცვლილების ზემოქმედება მდინარეში წყლის ხარჯის ოდენობაზე;
- აქტიურად იმუშაოს დარიალ ჰესის ინვესტორთან, რათა ამ უკანასკნელმა გაასაჯაროოს მდინარეში არსებული წყლის ოდენობის განახლებული მონაცემები; სასურველია პროექტის ექსპლუატაციის დაწყებამდე; და დაასაბუთოს რომ მდინარეში არსებული წყლის ოდენობა უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების და კონკრეტულად, ნაკადულის კალმახის შენარჩუნებას,“-ნათქვამია ინფორმაციაში.