მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაჟაშში, შესაძლოა, უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი მოხდეს.
ამის შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის - სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდა და ახალი მშენებლობები აიკრძალა.
გიორგაძის შეფასებით, უკვე აშენებული იმ შენობების საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახეს არ შეესაბამება, მარტივი გადასაწყვეტი არ არის.
„ადგილობრივ ხელისუფლებასთან და მესაკუთრეებთან ერთად ამ საკითხზე ვიმუშავებთ. გარკვეულ შემთხვევებში, შეიძლება იმ აშენებული ან გადაკეთებული შენობების დამონტაჟის საკითხი დადგეს, რომლებიც სრულიად მიუღებელია. ბუნებრივია, რომ მეპატრონეებისთვის ანაზღაურების საკითხიც დადგება ამ შემთხვევაში, თუმცა, რა თქმა უნდა, პრიორიტეტული იქნება გადაკეთება და ისეთი იერსახის მიცემა, რომელიც შეესაბამება იმ რეგულაციებს, რომლებიც დაწესდება ამ ტერიტორიაზე“, - განაცხადა გიორგაძემ.
მისივე თქმით, ხშირ შემთხვევაში ტერიტორიაზე განხორციელებულია უნებართვო სამუშაოები.