2011-2015 წლებში ელექტრონული ტენდერების თითქმის ერთი-მესამედი (საშუალოდ 30%) წარუმატებელი იყო.
ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-ის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის აღსრულების შეფასებაშია“ ნათქვამი.
ტენდერების 80%-ის წარუმატებლობის მიზეზი ის იყო, რომ ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოხატა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემას ეფექტიანობასთან დაკავშირებული ორი პრობლემა აქვს - წარუმატებელი (ჩავარდნილი) ტენდერების მაღალი რაოდენობა და პირდაპირი შესყიდვების მაღალი წილი.
„ხარვეზული დაგეგმვა და წლიურ ელექტრონულ გეგმაში ინფორმაციის ნაკლებობა არის წარუმატებლობის ასეთი მაღალი მაჩვენებლის სავარაუდო მიზეზი. ამ დროისთვის, ელექტრონული გეგმები შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: მთავარი CPV კოდი, სავარაუდო ფასი, შესყიდვის პროცედურა და საფუძველი (საჭიროების შემთხვევაში), დაგეგმილი შესყიდვის პერიოდი (კვარტლებად), დაფინანსების წყარო. ელექტრონულ გეგმაში დამატებითი ინფორმაციის შეტანა, როგორიცაა უფრო დეტალური CPV კოდები და ვადები (თვე, კვარტლის ნაცვლად), ისევე როგორც, შესყიდვის ადგილმდებარეობა (რეგიონი და მუნიციპალიტეტი), დაეხმარება მიმწოდებლებს უკეთ დაგეგმონ თავიანთი ბიზნეს პროცესი და უფრო მეტ ტენდერში მიიღონ მონაწილეობა.
2011 წლის შემდეგ, საშუალოდ, სახელმწიფო შესყიდვების 35%-ზე მეტი (ღირებულების) ჩატარდა პირდაპირი შესყიდვის პროცედურებით. პირდაპირი შესყიდვების მაღალი რაოდენობა საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის ადგილობრივი და საეთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის მიზეზი გახდა. ამ მხრივ, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემას დადებითი შედეგები ჰქონდა 2016 წელს, როდესაც პირდაპირი კონტრაქტების რაოდენობა, რომლებიც 4 ყველაზე ხშირად გამოყენებული კანონით განმარტებული გამონაკლისის საფუძველზე მოხდა, 35%-ით შემცირდა.
გარდა პირდაპირ შესყიდვებზე 5,000 ლარიანი მონეტარული ზღვრისა, პირდაპირი შესყიდვის გამოყენების 4 ყველაზე ხშირად გამოყენებული საფუძველია: შესყიდვის ობიექტის მიწოდება წარმოადგენს ერთი პირის ექსკლუზიურ უფლებას; არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა; ხარისხის გაუარესების თავიდან ასაცილებლად საჭიროა შესყიდვა განხორციელდეს იმავე მიმწოდებლისგან; სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარებისთვის გათვალისწინებულია შეზღუდული ვადები.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გაუმჯობესების აშკარა ნიშნები, საჭიროა რამდენიმეწლიანი დაკვირვება, რათა დავრწმუნდეთ ამ ტენდენციის განგრძობითობაში. დაკვირვება გვაჩვენებს ეს ტენდენცია დადასტურების ახალი სისტემის შედეგია, თუ რაიმე სხვა ცვლადის,“- ვკითხულობთ კვლევაში.