კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ არ ეთანხმება სსიპ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც მას კონტეინერების გადამუშავების ახალი მეთოდის დანერგვა ეზღუდება და მის გასაჩივრებას აპირებს. ამის შესახებ პორტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, ამ გადაწყვეტილებას შედეგად დამატებითი საექსპლუატაციო ხარჯები და საინვესტიციო კაპიტალდაბანდებები მოჰყვება.
მათივე მტკიცებით, ოპერაციების წარმოების გაუმჯობესება უთუოდ განაპირობებდა ფოთის პორტის კონკურენტუნარიანობის ზრდას, ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს დაინტერესებულ მხარეთათვის და პორტში არსებული ძველი კონტეინერების გადამუშავების პროცესის ახალით ჩანაცვლებას.
,,მას შემდეგ, რაც ფოთის საზღვაო ნავსადგურის აქციების საკონტროლო პაკეტი კომპანია “ეიპიემ ტერმინალსმა” შეიძინა, პორტში ოპერაციების ეფექტურობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, კომპანიამ გადაწყვიტა პორტისა და საკონტეინერო ტერიტორიის ოპერაციების ინტეგრირება, რაც ლოჯისტიკური ჯაჭვის გაუმჯობესებას შეუწყობდა ხელს.
თუმცა, სტრუქტურული ცვლილებების იმპლემენტაცია შეცილებულ იქნა გარე ტერმინალების მხრიდან, რასაც მათი მხრიდან საჩივრის მომზადება მოჰყვა, რომლის საფუძველზეც ისინი აპელირებდნენ, რომ მსგავსი ქმედება გამოიწვევდა საქართველოს კონკურენციის შესახებ რეგულაციების დარღვევას. საჩივარი განსახილველად კონკურენციის სააგენტოს გადაეცა, რომელმაც დაიწყო მოკვლევა და შემდგომ მიმართა სასამართლოს“, - აცხადებენ ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთში“.
მათივე თქმით, ფოთის პორტი პატივს სცემს საქართველოს კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამს მიღებული გადაწყვეტილების გამო.